იაპონიამ, შესაძლოა, მომავალი წლის ივლისიდან ხელახლა დაუშვას ვეშაპებზე კომერციული მიზნით ნადირობა, — პრაქტიკა, რომელსაც 1986 წლიდან კრძალავს “ვეშაპენადირობის საერთასორისო კომისია” (IWC).
BBC-ის ცნობით, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აპირებენ, გამოვიდნენ IWC-დან. ქვეყანა ვეშაპებზე ნადირობის კომისიაში 1951 წლიდან ირიცხება.
ამ კომისიის მიზანია, გადაარჩინოს ვეშაპების სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ნადირობის გამო გადაშენების პირას არიან. 1986 წელს ამ პრობლემასთან საბრძოლველად აკრძალა კომისიამ ვეშაპებზე ნადირობა.
ამის მიუხედავად, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოყენებით, იაპონიაში დღემდე ნადორობენ ვეშაპებზე “სამეცნიერო მიზნებისთვის”, რასაც აკრიტიკებს სხვადასხვა გაერთიანება, რომელიც ცხოველთა კონსერვაციისთვის მუშაობს. ქვეყანა ვეშაპებზე ნადირობას დაუშვებს იაპონიის ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.