უგულავას ადვოკატების განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ღონიაშვილს ამავე მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არსებობს ეჭვი, რომ უგულავასთან დაკავშირებითაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ადვოკატები მოსამართლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს. სხდომას თავად უგულავაც ესწრება. მის შემოსვლას დარბაზში ტაშით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.
