ახალი ამბები

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარეც – ეკონომიკის მინისტრი

25 დეკემბერი, 2018 • 3830
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარეც – ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა დიდი რაოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თან ახლავს ნეგატიური ფაქტორებიც.

“ყველა ლაპარაკობს, რო ჩვენ გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. კი ბატონო, მაგრამ, ამავე დროს, ამ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ აგრეთვე ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაც გაიტანოს აქედან დივიდენდის სახით. ჩვენ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს ვაგროვებთ, რაღაც მომენტში ის უცხოელები დივიდენდების გატანას რომ იწყებენ, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, ბალანსზე”, – განაცხადა ქობულიამ.

სწორედ ამიტომ, ქობულიას თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები “პანაცეა არ არის” და დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციებიც გვჭირდება. ამ მიმართლებით ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა საპენსიო ფონდის მნიშვნელობას.

ინვესტორების კონტექსტში მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ბიუროკრატიას ეჯახებიან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

“ჩვენ გვჭირდება ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა, როგორც ცალკე ინიციატივა. ბევრს ვმუშაობდით ინვესტორებთან, მაგრამ ის მუშაობა, რომელსაც ვატარებდით ამ ინვესტორების მოზიდვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იყო არასაკმარისი. სისტემატურად გვაქვს პრობლემები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან, რომ ეჯახებიან ბიუროკრატიას, ეჯახებიან პრობლემებს გადაუწყევეტელ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ უნდა შევქმნათ უძლიერესი სამსახური ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებთან მუშაობისა და მათი მოზიდვისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი