ახალი ამბები

მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 778 800 ლარის მომსახურებას უტენდეროდ შეისყიდის

24 დეკემბერი, 2018 •
მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 778 800 ლარის მომსახურებას უტენდეროდ შეისყიდის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის მერიას უფლება მიეცა, გამარტივებული წესით შეისყიდოს 2019 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 1 778 800 ლარის ფარგლებში.

ეს თანხა დედაქალაქის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოფა.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ჩანს, გამარტივებული შესყიდვა შობა-ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ხორციელდება.

თბილისის მერიის განმარტებით, შობა-ახალ წელს დაგეგმილი ღონისძიებები სრულად ორიენტიერებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე და სწორედ ამიტომ, მსგავსი მომსახურების შესყიდვა ტენდერის გზით ვერ მოხდება.

“აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება შობა-ახალ წელს დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას. უნდა აღინიშნოს, რომ თანხის უმთავრესი ნაწილი არის ჰონორარები არტისტებისთვის, მუსიკოს შემსრულებლებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის. ვინაიდან პროცესი სრულად არის ორიენტირებული კრეატიულ გადაწყვეტებზე, შესაბამისად, ტენდერის გზით ვერ მოხდება მსგავსი მომსახურეობის შესყიდვა”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით 1 200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი, 270 მომსახურე პერსონალი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალა კონცერტის მომზადება ფინანსდება.

“ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გასათვალისწინებელია მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი. ზოგადად, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან (რეჟისორი, დირიჟორი, მხატვარი, დიზაინერი და სხვა) და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები. მეტწილად, შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე”, – ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი