ახალი ამბები

აშშ–ს უზენაესის მოსამართლემ ტრამპის გადაწყვეტილების დაბლოკვას ხმა საავადმყოფოდან მისცა

23 დეკემბერი, 2018 • 5115
აშშ–ს უზენაესის მოსამართლემ ტრამპის გადაწყვეტილების დაბლოკვას ხმა საავადმყოფოდან მისცა

აშშ–ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რუთ ბეიდერ გინსბურგმა, მიგრანტებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების დაბლოკვას ხმა საადავმყოფოდან მისცა. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები წერენ.

როგორც Huffpost ტელეკომპანია NBC-ზე დაყრდნობით იუწყება, გინსბურგმა კენჭისყრაში მონაწილეობა ნიუ-იორკის საავადმყოფოს საწოლიდან მიიღო, სადაც მანამდე ფილტვიდან ორი სიმსივნური წანაზარდის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, პროცედურა წარმატებით დასრულდა და დაავადების ნიშნები აღარ იძებნება.

აშშ–ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, 85 წლის რუთ ბეიდერ გინსბურგი 25 წელია, აღნიშნულ პოსტს იკავებს და უწყების ლიბერალური ფრთის ლიდერად არის მიჩნეული.

ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთან გამკლავების შემდეგ, ის გასულ თვეში სამსახურში წაიქცა და სამი ნეკნი მოიტეხა, თუმცა საავადმყოფო რამდენიმე დღეში დატოვა და სასამართლოში დაბრუნდა. 25 წლის მანძილზე, გინსბურგს სასამართლოს არცერთი მოსმენა გამოუტოვებია.

აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ 22 დეკემბერს მხარი დაუჭირა მანამდე ფედერალური მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება დაიბლოკა. ინიციატივის მიხედვით, თავშესაფრის სტატუსი ვერ უნდა მიეღოთ ადამიანებს, რომლებიც მექსიკიდან აშშ–ში არალეგალურად, საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთის გარეშე შევიდოდნენ.

მოსამართლოთა კოლეგიის ცხრა წევრიდან ოთხმა ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ხუთი, მათ შორის, გინსბურგი კი – წინააღმდეგ წავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი