გამოვლინდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზის მფლობელები

22 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიურ სხდომაზე ქარტიის პრიზის მფლობელები დაასახელეს.

საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ქარტიის პრიზი მიიღო “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტმა მაია მეცხვარიშვილმა სიუჟეტისთვის “ჩინჩალაძის კლანი — სასამართლო რეფორმის კრახი”.

საუკეთესო ვიდეო სიუჟეტისთვის პრიზი მიიღო “მთის ამბების” ჟურნალისტმა გიორგი ბოლქვაძემ სიუჟეტისთვის “გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა“. 

საუკეთესო მულტიმედია პროექტისთვის ქარტიის პრიზი ნინო ლომაძის (ჟურნალი “ინდიგო”) პროექტმა 08.08.08, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლის თავზე შეიქმნა.

საუკეთესო სტატიისთვის პრიზი მიიღეს “ლიბერალის” ჟურნალისტებმა, სოფო აფციაურმა და თათია ხალიანმა. მათი სტატია, სახელწოდებით “ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა“, მიმოიხილავს ტყიბულში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას, მათ განწყობებს, და იმედგაცრუებას ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობით იმ სამგლოვიარო განწყობის ფონზე, რაც რამდენიმე ტყიბულელის შახტებში სიკვდილის შემდეგ დადგა ქალაქში.


ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის პრიზი მიიღო”ინდიგოს” ჟურნალისტმა მარიამ აბესაძემ მასალისთვის “ანა, ირინა, ელენე და სხვები”.

სპეციალური პრიზი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კამპანია “ძალა ევროპაშიას” ფარგლებში მიიღო სტუდია “მონიტორმა” ფილმისათვის “მეგობრობა რუსულად”.

შენიშვნა: თავდაპირველად ჟურნალისტური გამოძიების კატეგორიაში გამარჯვებული სიუჟეტი არაზუსტად იყო მითითებული. მასალა დაზუსტების მიზნით განახლდა 22 დეკემბერს 22:20 საათზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com