მაია ხუციშვილი “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ტერმინი “პასპორტის ჩამორთმევა” საერთოდ არ გვხვდება:
“სისხლის სამართლის კოდექსის 163–ე მუხლი ითვალისწინებს, ბრალდებულისთვის, ასევე მსჯავრდებულსითვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეჩერებას. ტერმინი – პასპორტის, ან პირადობის მოწმობის ჩამორთმევა სისხლის სამართლის კოდექსში, როგორც ასეთი, არ არის. პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზეც გაცემულია პასპორტი, ბრალდებულია და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის მოქმედებით ის ქვეყანას დატოვებს. როდესაც პროკურატურა გადაწყვეტს ეს საფუძველი გამოიყენოს, ის ვალდებულია აეროპორტებს და ყველა გამშვებ პუნქტს აცნობოს, რომ პასპორტს მოქმედების ვადა აქვს შეჩერებული. წესით, ამ დროს პასპორტი მფლობელს რჩება.”
საქართველოს პროკურატურა გიგი უგულავასთვის სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერით განაცხადა, პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იხილავს.
