მძიმე შეკითხვაა – გახარია იმაზე, თუ რა განსხვავებაა ფარცხალაძისა და კირკიტაძის საქმეებს შორის

გიორგი გახარია უმცირესობის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ, თუ რა განსხვავებაა ოთარ ფარცხალაძისა და დავით კირკიტაძის საქმეებს შორის, აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “საყოფაცხოვრებო ჩხუბს ორ ადამიანს შორის”, ხოლო მეორე შემთხვევაში, გახარიას თქმით, “ეს იყო დაგეგმილი, გააზრებული, პოლიტიკური აქტი პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობით”:

“რაც შეეხება ფარცხალაძის და კირკიტაძის ქეისებს შორის განსხვავებას. მძიმე შეკითხვაა. თქვენც იცით და მეც ვიცი, რომ მძიმე შეკითხვაა. რეალურად, ფარცხალაძის შემთხვევაში თუ თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ეპიზოდზე,  ჩხუბის ეპიზოდზე, ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, პროკურატურა იძიებს ამას. იქ კომისაა ჩართული და ბევრი რამ ხდება.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს არის საყოფაცხოვრებო ჩხუბი ორი ადამინის. რესტორანში თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში, თუ არ ვცდები. ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა კონკრეტულ პირობებში. კირკიტაძის შემთხვევაში ეს იყო დაგეგმილი, გააზრებული, პოლიტიკური აქტი პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობით – ეს არის სხვაობა” – ამბობს შს მინისტრი.

2017  წლის 13 მაისს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მაშინდელ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ჩხუბის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

რაც შეეხება დავით კირკიტაძეს,  სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. ამ დღეს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციას გეგმავდა, მაგრამ პოლიციამ მათ გზა ჩაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. ეს გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.