ახალი ამბები

აშშ-სა და UK-ის მოწინააღმდეგე რუს დეპუტატს ლონდონში რესტორანი აქვს, მაიამიში – სახლი – Meduza

21 დეკემბერი, 2018 • 1802
აშშ-სა და UK-ის მოწინააღმდეგე რუს დეპუტატს ლონდონში რესტორანი აქვს, მაიამიში – სახლი – Meduza

ალექსეი ჩეპა რუსეთის დუმის დეპუტატი 2011 წლიდანაა. ის ცნობილია თავისი ანტიდასავლური განცხადებებით, რომელთა სამიზნე დიდი ბრიტანეთი და აშშ-ია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლონდონში ჩეპას წილი აქვს რესტორანში, ხოლო მაიამიში – სახლი.

რესტორანში წილი ჩეპამ ჯერ თავისი შვილის სახელზე დაარეგისტრირა, რომელიც იმ დროისთვის 16 წლის იყო, შემდეგ კი- მეგობარზე. რაც შეეხება მაიამის სახლს, ის ჩეპას ახლო ნათესავის სახელზეა გაფორმებული. დეპუტატის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება Meduza-მ გამოაქვეყნა.

ალექსეი ჩეპა, რომელიც 2016 წელს რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა, თავისი ფრაქციის ყველაზე მდიდარი დეპუტატი იყო. ამ კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკია, რომელსაც არაერთი ჟურნალისტი ქალი, მათ შორის ეკატერინე კოტრიკაძე, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეპას, რომელიც თავისი ანტიდასავლური განწყობების გამო არაერთხელ მოქცეულა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში, ტელევიზიები- “ნოსტალგია” და “რუსკი მირი [რუსული სამყარო]” ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი აშშ-ში მაუწყებლობს და მისი სამიზნე აუდიტორია რუსი ემიგრანტები არიან.

“ამ ე.წ. პოლიტიკოსების [რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს] მთავარი მიზანი კომერციული ინტერესები და აშშ-ის ეკონომიკური თუ ფინანსური წრეების ინტერესების ლობირებაა,” – ამბობდა ალექსეი ჩეპა რუსეთის წინააღმდეგ დანიშნული სანქციების შეფასებისას.

აშშ-ის გარდა, ჩეპა დიდ ბრიტანეთსაც აკრიტიკებს. მას ეკუთვნის განცხადება, რომლის მიხედვით, სერგეი სკრიპალი, “ბრიტანული დაზვერვის სამსახურს 3 ვერცხლის მონეტად მიეყიდა”. ჩეპა განმარტავდა, რომ სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს  “ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა რუსოფობიურად განწყობილი ჯგუფი”.

“დღეს ინგლისის მთავრობის წევრებმა აღარც კი იციან, რა მოიმოქმედონ, რომ კიდევ ერთხელ სცადონ რუსეთს ხელი ჰკრან,” – თქვა ჩეპამ.

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას, მედუზას ცნობით ის 2009 წლიდან არკადი ნოვიკოვთან ერთად [მოსკოველი რესტორატორი] ლონდონში ფლობს რესტორან Novikov-ს, რომლის შემოსავალი 4 წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

2013 წელს რუსეთში კანონი შემოიღეს, რომელიც დეპუტატებს საზღვარგარეთ ფულის შენახვასა და უცხოური ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას უკრძალავს. სწორედ ამ წელს, მედუზას ინფორმაციით, ალექსეი ჩეპამ, თავის შვილს, დანიილ ჩეპას რესტორნის 45%-იანი წილი გადაუფორმა. მაშინ დანიილი 16 წლის იყო. შემდეგ კი წილი თავის მეგობარს გადაუფორმა. შესაბამისად, რესტორანი და მისი შემოსავლები დეპუტატის დეკლარაციებში აღარ აისახება.

ლონდონშივე ცხოვრობს ჩეპას კიდევ ერთი შვილი, ანასტასია ჩეპა, რომელსაც მამამ 2006 წელს 1-მილიონიანი ბინა შეუძინა. ანასტასია ჩეპა ლონდონში ბრენდული ტანსაცმლის კომპანიას ხელმძღვანელობს.

გარდა დიდი ბრიტანეთისა, ალექსეი ჩეპას გარკვეული ფინანსური ინტერესები აშშ-შიც აქვს, სადაც მან 2013 წელს 2.5 მილიონ აშშ დოლარად ბინა იყიდა, თუმცა თავის დეკლარაციებში არ ასახა. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მედიისთვის ცნობილი გახდა, მედუზას ინფორმაციით, ჩეპამ ბინა თავის ახლო ნათესავზე, ვერა აფანასევაზე გადააფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი