ახალი ამბები

ნაცმოძრაობის ორგანიზებით აქცია “ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე” გაიმართა [VIDEO]

30 ივნისი, 2014 • • 1356
ნაცმოძრაობის ორგანიზებით აქცია “ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე” გაიმართა [VIDEO]

აქცია, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით მიმდინარეობდა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და ამის პარალელურად ყოფილი პოლიტიკური ლიდერების დაკითხვაზე დაბარებას, ბრალის წაყენებას და დაკავებას უკავშირდებოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, არ შეიძლება ხელმოწერის და ევროპასთან დაახლოების პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდეს.

 

აქცია მცირე ინციდენტით დაიწყო. მონაწილეებს პლაკატის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანა და გაკვრა უნდოდათ, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა, რომელსაც შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით კორდონი ჰქონდა გაკეთებული. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პლაკატი შენობასთან მდებარე ერთ–ერთ კედელზე დაამაგრეს.

 

აქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოკა გაბაშვილის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, შემდეგ კი შეკრებილ ადამიანებს სიტყვით გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებმა, მათ შორის დაკითხვიდან გამოსულმა გიგი უგულავამაც მიმართეს.

 

უგულავა დღეს მისთვის ბრალის წარდგენის საკითხს შეეხო. როგორც მან განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, თითქოს ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა უგულავას მტკიცებით ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.

 

ნაცმოძრაობის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მერის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გაიმარჯვებს ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო შემდეგ- მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. 

 

აქცია, რომელიც 17:30 საათზე დაიწყო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდეგ კი აქციის მონაწილეები დაიშალნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი