როგორც ნუცა ერისთავმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ორი ინციდენტი დაახლოებით 8-დღიან ინტერვალში მოხდა, პირველად- რუსთაველის გამზირზე მდებარე “სმარტის” სუპერმარკეტში, ხოლო მეორედ – 28 ივნისს მეტრო მარჯანიშვილთან მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანში:
“ვისხედით სმარტში. მოვიდა ვიღაც ბიჭი და გვიყურებდა, თან იგინებოდა. აარონი მიესალმა, ეგონა, რომ ნაცნობი იყო, ამან ისევ შეაგინა, მაგრამ აარონმა ვერ გაიგო. მე ვკითხე ამ ბიჭს – რა პრობლემა გაქვს-მეთქი და მითხრა: ამ მაიმუნთან ერთად რას ზიხარო და ისევ გააგრძელა გინება. იქვე იყო დაცვა, რომელიც ამ ადამიანთან მივიდა, ერთად გაიცინეს რაღაცაზე და შემდეგ მე მეუბნება ეს დაცვის წარმომადგენელი – გაჩერდიო. მე თავს ვერ ვიკავებდი, იმიტომ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებდა და გვაგინებდა ის ადამიანი. აარონი ეუბნებოდა იმ ბიჭს – დაჯექი და ამიხსენი, რატომ გაქვს პრობლემა ჩემთან, იმიტომ, რომ ამ ფერის კანით დავიბადეო? ამის გამო არ მაქვს უფლება, რომ აქ ვიჯდეო? ამ ბიჭმა, რომელიც 35 წლის იქნებოდა, ინგლისური არ იცოდა და მე მეუბნება აარონზე, უთხარი, რომ გარეთ გამომყვესო, საჩხუბრად… გარეთ გამოვიდეს და იქ ვაჩვენებ ამასო… მერე მოვიდა და აარონს ხელი აუქნია ცხვირთან. დაცვას ამაზე საერთოდ რეაქცია არ ჰქონია. მე როცა ყვირილი დავიწყე, შენ უპატრონო ხომ არ გგონივარ-მეთქი და ახლა მამაჩემს დავურეკავ-მეთქი, მე მაჩუმებდა. კანის ფერის გამო ადამიანის შევიწროვება და როცა ადამიანს ეუბნები, რომ ამასთან ერთად რატომ ჭამ და ჩემი და რომ იყო, შუაზე გაგხევდიო, ცოტა უხერხულია”, – ამბობს ნუცა ერისთავი და დასძენს, რომ იმ მომენტში პოლიციაში დარეკვა ვერ მოიფიქრა:
“ეს ისე უცბად ხდება, რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ. მე მეშინია რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ იყოს, ამიტომ ვერც ვფიქრობ ხოლმე. ასეთი ხმაურიანი და ხმამაღალი შეურაცხყოფა პირველად დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა, რომ ეს ამბავი ასე დარჩენილიყო. მე და მამაჩემმმა გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს მენეჯერს დავლაპარაკებოდით, რათა ზომები მიეღოთ, რადგან დაცვამ საერთოდ არაფერი გააკეთა და არ დაიცვა თავისი კლიენტი… მენეჯერმა მითხრა, რომ ეს ძალიან სამწუხაროა და ზომებს მივიღებთო. მამაჩემმა უთხრა, რომ უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, თან აარონი ძალიან ხშირად დადის “სმარტში” იმიტომ, რომ იქვე, რუსთაველზე ასწავლის ცეკვას მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში. მენეჯერმა, რომელიც ძალიან სასიამოვნო ქალი იყო, გამომართვა ნომერი, მაგრამ არავის დაურეკავს. მე ვიფიქრე, რომ ან ბოდიშის მიზნით დარეკავდნენ, ან არ ვიცი, არაფერი მინდა ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიგრძნო რომ ხალხი შეწუხებულია…”.
ნუცა ერისთავის თქმით, აარონი, რომელიც მოცეკვავეა და თბილისში მოსწავლეებიც ჰყავს, ასეთი თავდასხმის მსხვერპლი მაკდონალდსშიც გახდა და კომპანიის დაცვის სამსახურის რეაქციით, ამჯერადაც უკმაყოფილოა:
“მაკდონალდსში აარონი თავის სტუდენტთან ერთად იჯდა. ორი ადამიანი მივიდა და უთხრა- ადექიო. რატომ უნდა ავდგეო, მერე მათ იმ გოგოს, აარონის მოსწავლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რას ზიხარ ამასთან ერთად და ასე შემდეგ… შემდეგ აარონი ადგა, რადგან უნდოდა, რომ ეს უსიამოვნება და ჩხუბი თავიდან აერიდებინა და სხვაგან გადაჯდომა დააპირა, თუმცა ეს ადამიანები მიუახლოვდნენ, მაისურზეც მოკიდეს ხელი… დაცვა მოვიდა და გარეთ აარონი გაიყვანა. როცა შემდეგ მეც მივედი იქ და ვუთხარი, აარონი, ანუ კლიენტი რატომ გაიყვანეთ გარეთ-მეთქი და რატომ არ გააგდეთ ის, ვინც უზრდელობს და ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას-მეთქი, მიპასუხეს, რომ ჩვენ სიტუაციის განეიტრალება გვინდოდაო. შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია, რადგან მაკდონალდსის დაცვამ მითხრა, რომ ჩვენ ეგეთ ამბებში ჩარევის უფლება არ გვაქვსო და ამ დაცვის პოლიციამ იმ ადამიანებს ბოდიში მოახდევინა, თუმცა აარონი გარეთ გამოიყვანეს და ის ადამიანები ისევ დარჩნენ რესტორანში”, – ყვება ნუცა ერისთავი.
საიას იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, როდესაც ინციდენტში ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს და საქმისთვის სისხლის სამართლის კვალიფიკაციის მინიჭებისათვის საჭირო კომპონენტები, მათ შორის ფიზიკური ძალადობა არ არსებობს, გამოდის, რომ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რის თაობაზე პოლიციაში განცხადების საშუალება დაზარალებულს ახლაც აქვს:
“არსებობს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, ასეთ დროს პოლიცია ერევა საქმეში და იმ დამრღვევებს აკავებს, უწერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, შემდეგ სასამართლო წყვეტს მათთვის ან ჯარიმის, ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს”, – ამბობს გოცირიძე ნუცა ერისთავის მონაყოლის კომენტირებისას.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან, რადგან მათთვის არავის მიუმართავს. ნუცა ერისთავის თქმით, მაკდონალდსში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აარონს დაცვის პოლიციამ შესთავაზა საჩივრის დაწერა, თუმცა აარონმა უარი თქვა, რადგან უცხო ქვეყანაში სიტუაციის გართულებას მოერიდა, ამასთან მას არ სურდა ვინმეს დაპატიმრება, თუმცა მსგავსი თავდასხმის განმეორების შემთხვევაში პოლიციას აუცილებლად დაუკავშირდება.
გიორგი გოცირიძის თქმით, არსებობს კიდევ ერთი გზა, რასაც მსხვერპლმა შეიძლება მიმართოს: სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციაზეა პასუხისმგებელი:
“რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ის კერძო ორგანიზაციებისაგან ითხოვს ანტიდისკრიმინაციული რეგულაციების შემუშავებას და იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და დაიცვან მომხმარებლები დისკრიმინაციული შეტევებისაგან. შესაძლებელია მიმართოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლმა და ის შეისწავლის ამ საქმეს და რეკომენდაციას მისცემს კონკრეტულ დაწესებულებას”, – ამბობს გოცირიძე.
ომბუდსმენის აპარატში ნეტგაზეთს აარონ შიკამარუ ჩარლზის საკონტაქტო ინფორმაცია სთხოვეს. მათი თქმით, ამ ფაქტზე საქმის კურსში არც სახალხო დამცველია, რადგან მათთვის არავის მიუმართავს.
მაკდონალდსში ზემოხსენებული რასისტული ინციდენტის არსებობას საერთოდ უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კომპანია ვისოლის (რომელიც “სმარტის” ქსელის მფლობელია) პრესსამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან კბილაშვილმა ნეტგაზეთს ინციდენტის არსებობის ფაქტი დაუდასტურა, მას სამწუხარო უწოდა და განუცხადა, რომ ჩვენგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ “სმარტის’ დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად გაანალიზა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სადაც მართლაც ჩანს, რომ ერთი ადამიანი ზემოხსენებულ წყვილს, რომელიც მაგიდასთან ზის, მართლაც მიმართავს, სავარაუდოდ შეურაცხმყოფელად, თუმცა კადრებში არ ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი სოლიდარულია ამ ადამიანის მიმართ და მასთან ერთად იცინის. კბილაშვილის თქმით, პირიქით- კადრში ჩანს, რომ სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი თავის ტერიტორიას ტოვებს, ზემოხსენებულ პირთან მიდის და მას წესრიგისაკენ მოუწოდებს, შემდეგ დგება ისეთ პოზიციაზე, რომ კლიენტების უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისივე თქმით, კომპანია მზად არის, რომ ზემოხსენებული ჩანაწერი ჟურნალისტსაც უჩვენოს ხვალ, 1 ივლისს, რათა მისი სიტყვების დადასტურება შეძლოს.

