ცესკოს თანამშრომლებს გასულ კვირაში შეუსვენებლად მოუხდათ მუშაობა – პირველივე სამი სამუშაო დღის მანძილზე მათ რეგისტრაციისთვის სამმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

“დღეში თითო კანდიდატი! თუკი ასე გაგრძელდება, რამდენი კანდიდატი იქნება რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის?!” – ხუმრობენ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები და სრულიად არარეალურ ციფრებს ასახელებენ, რომელიც ათეულს ბევრად სცდება.

ამავდროულად, პასუხი ამ კითხვაზე, პრინციპში, ცნობილია – 5 კანდიდატზე მეტი არ იქნება. რაულ ხაჯიმბაზე (საინიციატივო ჯგუფს მისი კანდიდატურის წარსადგენად ჯერ ცესკოსთვის არ მიუმართავს) და ლეონიდ ძიაპშიპაზე (მისი საინიციატივო ჯგუფი ცესკომ უკვე დაარეგისტრირა) მე წინა სტატიაში ვისაუბრე.

კიდევ სამი კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ბანაკიდან. პირველ რიგში, ეს არის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, რომლის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი იყო პირველი, ვინც ცესკომ დაარეგისტრირა. მეორე კანდიდატია – ყოფილი ვიცე-პრემიერი ბესლან ეშბა. იმის მიუხედავად, რომ საინიციატივო ჯგუფს ჯერ ცესკოსთვის არ მიუმართავს, შეგვიძლია ვისაუბროთ მესამე კანდიდატზეც, ეს არის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ასლან ბჟანია.

გენერალი ფრონტის წინა ხაზზე

გენერალ ქიშმარიას დიდი წარდგენა არ ჭირდება. შტაბის მეთაური, შემდეგში კი აღმოსავლეთის ფრონტის მეთაური საქართველო-აფხაზეთის ომის დროს, უკვე 7 წელია ხელმძღვანელობს თავდაცვის უწყებას. თუმცა ქართველი მკითხველისთვის გაცილებით უფრო ნაცნობი იქნება მერაბის ნათესავი რუსლან ქიშმარია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა აფხაზეთს გალის შეხვედრებზე. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად რუსლან ქიშმარია დაასახელა.

მერაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი
მერაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი

 

ეჭვგარეშეა, რომ მერაბ ქიშმარია ალექსანდრ ანქვაბის ბანაკის მთავარი პრეტენდენტია. ომის ვეტერანი, ჭეშმარიტი პატრიოტი, მრავალშვილიანი მამა – სწორედ ასეთი შტრიხებით გაუწევს მას საარჩევნო შტაბი აქტიურ პროპაგანდას. თუმცა ქიშმარიას სუსტი მხარეებიც აქვს. პირველ რიგში, მას არ შეიძლება პოლიტიკოსი უწოდო. აღლუმის ხელმძღვანელობა და პატრიოტული სიტყვით გამოსვლა – სულ ეს არის მისი საჯარო გამოსვლების გამოცდილება.

ამ ნაკლის კომპენსირებას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ქიშმარიასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს მოსკოველი ბიზნესმენი საიდა ლოლუა. თუკი მისი პირველი გამოსვლით ვისმჯელებთ, ხალხთან ურთიერთობა მას სრულებით არ აშინებს, ის ურიგო ორატორი არ აღმოჩნდა. ბიზნესმენის გამოცდილება რესპუბლიკაში, სადაც ელექტორატი ყველა მეტად სოციალური-ეკონომიკური პრობლემების გამო ჩივის, დამატებით ქულებს სძენს ამ წყვილს. ამასთან, ლოლუას შეუძლია ხმები წაართვას ხაჯიმბა-გაბნიას წყვილს, რამდენადაც ამ წყვილშიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დედა, ასევე, ლოლუაა გვარად. აფხაზეთში, სადაც არცთუ იშვიათად ხდება ისე, როცა გვარები კონსოლიდირებულად აძლევენ ხმას არჩევნებზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გენერლის კიდევ ერთი სუსტი წერტილია მისი პოზიცია ერთ საკვანძო საკითხზე, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა მიმდინარე წლის მაისში. გენერალი ამტკიცებს, რომ გალის რაიონის ყველა მცხოვრებმა, ვინც აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი აიღო, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია, რომ მათი მონაწილეობა მას სერიოზულ უპირატესობას აძლევს არჩევნებში, მაგრამ, ჯერ ერთი, მათი მონაწილეობა გარანტირებული არ არის და მეორეც – ეთნიკური ქართველების ხმებზე დამოკიდებულება, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, მის სასარგებლოდ არ იმუშავებს.

ახალგაზრდა ჩინოვნიკი

ეკონომიკურ საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერის ბესლან ეშბას პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება სენსაცია არ ყოფილა, რამდენადაც საუბრები მისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ მაშინვე დაიწყო, როდესაც ალექსანდრ ანქვაბს პრეზიდენტის უფლებამოსილება მოეხსნა და თავად ეშბა სწრაფადვე გადადგა. თუმცა ინფორმირებულმა ადამიანებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ ამ სწრაფვას მომავალი არ აქვს, რადგან პოტენციური კანდიდატი საკმარისად არ ფლობს აფხაზურ ენას.

ეს ეჭვები დღესაც არსებობს – ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის დროს ეშბა აფხაზურ ენაზე ალაპარკდა, თუმცა თავს არც ისე თავდაჯერებულად გრძნობდა. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებს თუ არა იგი ენის კომისიასთან გასაუბრების გავლას, რომელმაც კანონის მიხედვით, უნდა შეამოწმოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ აფხაზური ენის ცოდნის დონე. სავსებით რეალურია, რომ ეს გახდეს პირველი დიდი სკანდალი ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

ბესლან ეშბა, ფოტო: კავკაზსკი უზელ
ბესლან ეშბა, ფოტო: კავკაზსკი უზელ

 

ეშბამ კიდეც რომ გადალახოს “ენის ბარიერი”, მისი პერსპექტივა ამ არჩევნებში საკმაოდ საეჭვოა. როდესაც ვიცე-პრემიერი იყო, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც მხოლოდ შემსრულებელმა, რომელიც ახორციელებდა ნაკლებად პოპულარულ რეფორმებს. კერძოდ, აქტიურად იცავდა აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტებს, რითაც ინტელიგენციის რიგებში უკმაყოფილება გამოიწვია. ამას გარდა, ის ძალიან ახალგაზრდაა (1967 წელსაა დაბადებული): მართალია, აფხაზეთში უყვართ საუბარი იმაზე, რომ გზა უნდა გაეხსნათ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ამომრჩეველი ძალიან კონსერვატიულია.

უჩინარი ძალოვანი

ასლან ბჟანიაზე ბევრს საუბრობენ. ალბათ, ასეც უნდა იყოს, როდესაც საქმე ეხება მთავარ მზვერავს, თუმცა საჯარო პოლიტიკოსისთვის – ეს ნაკლია, თანაც ძალიან არსებითი. ეკონომიკური განათლების მქონე სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორის (ეს წოდება ალექსანდრ ანქვაბმა ბჟანიას “მაისის რევოლუციამდე” რამდენიმე დღით ადრე მიანიჭა) წარმოჩენა, პრომოუტინგი პიარის კარგი სპეციალისტის საქმეა.

საკითხავი სხვა რამეა – ექნება თუ არა თავად ასლან ბჟანიას საპრეზიდენტო ამბიციები და წამოაყენებს თუ არა ის თავის კანდიდატურას არჩევნებზე? და ხომ არ არის მისი მონაწილეობა, ასევე, “გვაროვნული მოსაზრებებით” განპირობებული? საიდუმლო არ არის, რომ ბჟანია – დიდი გვარია, რომელსაც თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავს ყოფილ ოპოზიციაში ახრა ბჟანიას სახით, რომელიც პარლამენტის დეპუტატი და მოძრაობა “ახაცას” (Ахьаца) ლიდერია. რამდენიმე დღის წინ ახრამ თავის ფეისბუქზე ფოტოები განათავსა ბჟანიების გვარის შეკრებიდან. მაშინვე გაჩნდა შეკითხვები – რატომ არ ჩანდა ფოტოზე ასლან ბჟანია, ნუთუ, ის არ დაპატიჟეს? როგორ უყურებენ მის კანდიდატად შესაძლო წამოყენებას? კითხვებს პასუხები არ მოჰყოლია, თუმცა ის, რომ გვარის შეკრებაში ასლანი არ მონაწილეობდა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ანქვაბი არაფერ შუაშია?

ყოფილ ოპოზიციაში ზემოთ აღნიშნული კანდიდატების სამეულს განიხილავენ, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ დაფაზე დასმულ ფიგურებს. ცხადია, კანდიდატების ასეთი “კავშირი” ალექსანდრ ანქვაბთან მათ პოპულარობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, მათი მომხრეები (რომლებიც ფეისბუქში ხშირად ანონიმურად არიან წარმოდგენილნი) მუდმივად წერენ, რომ ანქვაბი – ეს უკვე ჩავლილი ეტაპია, ის წარსულში რჩება.

თუმცა ამის დაჯერება რთულია. თუნდა იმიტომ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის აშკარად არსებობს გარკვეული კოორდინაცია. მაგალითად, ბესლან ეშბასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებულია ყოფილი სამხედრო კომისარი ვახტანგ ცუგბა, ანუ თავდაცვის სამინისტროს, მერაბ ქიშმარიას უწყების წარმომადგენელი. მაგრამ თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი პოლიტიკური მოთამაშე, ეს სწორედ ქიშმარიაა, რომელიც დაუპირისპირდება ყოფილი ოპოზიციის მთავარ კანდიდატ რაულ ხაჯიმბას.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *