3 ივნისს გამართულ სინოდის სხდომაზე დემეტრე თეთრუაშვილთან ერთად სინოდმა კიდევ 3 სასულიერო პირი შეარჩია მღვდელმთავრად, სამივე მათგანი უკვე მთავარეპისკოპოსად ეკურთხა.
სინოდის გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების მიზეზი უცნობია. “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ კომენტარში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად კურთხევა “დროებით შეჩერდა”, ხოლო იმაზე, თუ რა გახდა ამის მიზეზი, ბოტკოველის თქმით, თავად სინოდის წევრებმა უნდა ისაუბრონ. მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირებას დღეს მთელი დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა “ნეტგაზეთი”.
ჩვენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკს ვესაუბრეთ ტელეფონით, რომელიც სინოდის წევრია და რომლის ეპარქიიდანაც უნდა გამოიყოს, სინოდის განჩინებით, კახისა და ქურმუხის ეპარქია და მის წინამძღოლად ეკურთხოს არქიმანდრიტი დემეტრე. თუმცა მეუფე მელქისედეკმა ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არ ისურვა და საპატრიარქოს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა:
“ჩემი თხოვნა იქნება, დაუკავშირდეთ საპატრიარქოს პრესსამსახურს, სინოდის წევრებმა დაადგინეს სინოდის სხდომაზე, დანარჩენი – რატომ არ სრულდება, საპატრიარქოს პრესსამსახურს თხოვეთ განმარტება”.
საპატრიარქოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ თემაზე ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. არქიმანდრიტ დემეტრეს ეპისკოპოსად კურთხევის საკითხს დღეს არც თავად პატრიარქი ილია მეორე გამოხმაურებია რაიმე განმარტებით თავის საკვირაო ქადაგებაში. ჩვენ თავად დემეტრე თეთრუაშვილთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ – უშედეგოდ.
სინოდის გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების უფლებამოსილება თავად სინოდს აქვს. როგორც სამართლის დოქტორი და წმინდა ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი დავით ჩიკვაიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მხოლოდ სინოდია უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს, გააუქმოს:
“როცა იყენებენ ტერმინს – “შეჩერდა”, ეს არის უზუსტობა. გადაწყვეტილება არ არის შეჩერებული, სინოდის გადაწყვეტილებას აჩერებს ისევე სინოდი. როდესაც ხდება მღვდელმთავრების გამორჩევა, ტრადიციად არის, რომ არ არის მითითებული, როდის უნდა ეკურთხოს, მომავალ კვირას, ერთი თვის მერე. ზუსტი დრო არც სჯულის კანონში არაა განსაზღვრული, ეს არც ეკლესიის დებულებაში გვაქვს და, ბუნებრივია, არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ კურთხევა შედგეს კონკრეტულ რიცხვში. რაღაც საკითხების გარკვევის გამო სინოდის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აღსრულებულა, ან გაურკვეველია როდის აღსრულდება. როცა ვსაუბრობთ დროზე, თეორიულად შემდეგ სხდომამდე იგულისხმება, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სინოდის მომავალ სხდომამდე უნდა აღსრულდეს. ეს არის ლოგიკა, კანონიკური საფუძველი აქაც არ გვაქვს”.
როგორც დავით ჩიკვაიძე განმარტავს, როცა არა დოგმატურ, არამედ ადმინისტრაციულ დეტალთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ეპარქიის შექმნა და მსგავსი მოვლენები, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს. სინოდს ამ შემთხვევაში არც განმარტების გაკეთება ევალება:
“ამ დროს იყენებენ ტერმინს – “დიდად სასურველია განმარტოს”, ეს არ არის დოგმატური საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა განიმარტოს. თუ დოგმატური საკითხის გამო იღებს განჩინებას სინოდი, ის აუცილებლად უნდა განიმარტოს”.
როგორც სამართლის დოქტორი დავით ჩიკვაიძე ამბობს, სინოდის გადაწყვეტილების შეცვლის მაგალითები ხშირი არაა, თუმცა მან რამდენიმე მათგანის გახსენება შეძლო: მაგალითად, მეუფე ამბროსი ქათამაძე, რომელთან დაკავშირებითაც 90-იანი წლების ბოლოს სინოდმა მღვდელმოქმედების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ, როცა მან სინანული გამოხატა, განჩინებაში ჩაიწერა, რომ სინანულის შემთხვევაში აღდგენილიყო სასულიერო ხარისხში, მაგრამ ამბროსი ქათამაძე გარდაიცვალა. მის შვიილსაც, მამა ნოდარ ქათამაძეს აკრძალული ჰქონდა მღვდელმოქმედება და შემდეგ აღუდგა. სინოდის გადაწყვეტილების შეცვლის კიდევ ერთი მაგალითია ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასულიერო პირებს აეკრძალათ პოლიტიკაში მონაწილეობა, რაც მანამდე დაშვებული იყო სინოდისვე განჩინებით, ეს გადაწყვეტილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახლდა, როცა სასულიერო პირებს სინოდმა მოუწოდა, არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში.
მიუხედავად რამდენიმე მაგალითისა, დავით ჩიკვაიძე ვერ იხსენებს უახლეს ისტორიაში ისეთ შემთხვევას, როდესაც სინოდის მიერ გამორჩეული მღვდელმთავარი ეპისკოპოსად არ ეკურთხებინოთ:
“2000 წლის შემდეგ მეუფე პეტრე იყო პირველი ეპისკოპოსი, რომელიც აკურთხეს, იმის შემდეგ 11 მღვდელმსახური ეკურთხა და ასეთი რაღაც არ ყოფილა”.
რატომ ჭიანურდება სინოდის გადაწყვეტილების აღსრულება და რატომ “შეჩერდა” დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად კურთხევა? – ამ კითხვაზე საპატრიარქოს და სინოდს პასუხი არ გაუცია.
