ახალი ამბები

საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში — სააკაშვილი

20 დეკემბერი, 2018 • 4743
საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში — სააკაშვილი

“საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში”, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის გადაცემა პოლიტმეტრში; მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ენატრება საქართველო, არ ეშინია ხელისუფლების, თუმცა ეშინია ექსცესების.

19 დეკემბრის გადაცემაში წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა სააკაშვილს ჰკითხა,  უქმნის თუ არა იგი უხერხულობას საკუთარ გუნდს სხვადასხვა განცხადებით, “მაგალითად, არჩევნების დასრულებისთანავე თქვენ მიმართეთ ჯარს, პოლიციას, რომ კარგი იქნებოდა, თუკი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ”.

ჟიჟილაშვილის დასმულ კითხვაზე პასუხისას სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა:

“პოლიცია და შეიარაღებული ჯარები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და უკანონო ბრძანებას არ უნდა დაემორჩილონ. მათ უნდა დაიცვან კონსტიტუცია, მათ არ უნდა დაარღვიონ კანონი, ისინი უნდა იყვნენ საქართველოსა და საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზე, მაგრამ როდესაც აძლევენ უკანონო ბრძანებას, ამისთვის დამორჩილება თავისთავად არის დანაშაული. პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ამ ბრძანებას აძლევს. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში და, საბოლოო ჯამში, ის, ვინც შეასრულებს ამ ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ”.

გადაცემის ბოლოს სააკაშვილმა თქვა:

“რა თქმა უნდა, მენატრება და უზომოდ ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. მენატრება საქართველოს ყოველი კვადრატული მეტრი, ყოველი უჯრედი. რა თქმა უნდა, მინდა, ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ უფრო მეტი ძალმომრეობის, ძალადობის და გაუბედურების თავიდან აცილებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან ავიცილოთ მაქსიმალურად ექსცესები.

“მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი [საქართველოს ხელისუფლების]”, – დასძინა სააკაშვილმა, – “მაგრამ მე მეშინია ექსცესების. მეშინია, რომ ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს. მეშინია იმის, რომ ამას არ მოჰყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი