როგორც გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩაბაიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, რა ნივთიერებამ გამოიწვია ადამიანების მოწამვლა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ნივთიერება თხევადი ქლორია. მისისვე თქმით, ყველა იმ მოსახლე, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
“პირველადი დახმარება გავუწიეთ მოსახლეობას, დაახლოებით 8 ოჯახი ევაკუირებულია, ასევე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახური. ველოდებით შესაბამის სტრუქტურებს უკვე თბილისიდან, რომლებიც კონკრეტულად იტყვიან, უკვე რა ნივთიერებასთან გვაქვს ურთიერთობა. პირველადი მონაცემებით, ეს უნდა იყოს თხვეადი ქლორი. მაგრამ მაინც ველოდებით პასუხს შესაბამისის სამსახურების”.- განაცხადა გურიის გუბერნატორმა “კურიერთან” საუბრისას.
მისივე თქმით, განმეორებით გაჟონვის შესაძლებლობას გამორიცხავენ, თუმცა ბალონების ტერიტორიიდან გასატანად თბილისიდან სპეციალურ სამსახურებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე დაახლოებით 17:00 საათისთვის იქნებიან:
“ბალონებთან მისვლა არავის შეუძლია, შესაბამის სამსახურებს ველოდებით, რომლებიც ამ ნივთიერებას გაიტანენ ადგილიდან. ვფიქრობთ, რომ განმეორებით არაფერი მოხდება”.
