რუსეთში ბანკებს ვალუტის კურსის ამსახველი ტაბლოების ქუჩაში განთავსება აეკრძალათ

რუსეთში ბანკებს ვალუტის კურსის ამსახველი ტაბლოების ქუჩაში განთავსება აეკრძალათ. კანონს, რომლის ინიციატორიც რუსეთის ცენტრალური ბანკი იყო, ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

შესაბამისი შესწორება ფედერალურ კანონის იმ მუხლში შევიდა, რომელიც ვალუტის კურსს ეხება. ცვლილებების მიღების შემდეგ, ცეტრალურ ბანკს ახალი ინსტრუქცია აქვს მოსამზადებელი, რომლითაც ბანკები ვალდებულნი იქნებიან გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია შენობის შიგნით განათავსონ.

სააგენტო ტასის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკი “ამ ინოვაციას” მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნის.

ამ დროისთვის, Bloomberg-ის მიხედვით, ერთი აშშ დოლარი 67 რუბლი ღირს. მიმდინარე წელს გაუფასურების პიკი სექტემბერში იყო, როცა ერთი დოლარის ღირებულება 70 რუბლი გახდა. ოქტომბერში აშშ დოლარის ფასი თითქმის 64 რუბლამდე ჩამოვიდა, ნოემბრიდან კი კვლავ გაუფასურება დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.