ახალი ამბები

ჩემ მიერ კარვის აშლა არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტს წყვეტს — ხაბეიშვილი

18 დეკემბერი, 2018 • 3160
ჩემ მიერ კარვის აშლა არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტს წყვეტს — ხაბეიშვილი

ოპოზიციური ბლოკის, “ძალა ერთობაშია”, წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის წინ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აღმართული კარავი თვითონ აიღო, თუმცა ამბობს, რომ კარვების დადგმაც და აღებაც მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტს შეწყვეტს.

“თუ დაგვჭირდება, ხვალ შეიძლება კარავი კანცელარიასთან გავშალო, ზეგ -შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ა.შ”, -ამბობს ხაბეიშვილი.

“ეს კარავი მე დავდგი, ერთმა ადამიანმა, ლევან ხაბეიშვილმა და არა ოპოზიციამ. იმ დღეს [კვირას, 16 დეკემბერს] ვთქვი, რომ გავათენებდი”. მისივე თქმით, კარვის აღებას იგი ორშაბათსვე აპირებდა, თუმცა რამდენიმე ახალგაზრდამ სურვილი გამოთქვა, ღამე გაეთიათ პარლამენტთან და ამიტომ დატოვა კიდევ ერთი დღით.

“ხვალ [19 დეკემბერს] მივდივართ [დავით] კირკიტაძის სასამართლოზე გურჯაანში, კარავი ჩემი პასუხისმგებლობა იყო. ხომ არ მივყრი, არა, ამ კარვებს? ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ გაგრძელდება”.

დავით კირკიტაძე ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრია. იგი 17 დეკემბერს დააკავეს კახეთში, როდესაც ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. დეტალები ნახეთ აქ.

ხაბეიშვილი “უტრირებას” უწოდებს იმის თქმას, რომ კარავი ოპოზიციამ გაშალა — მისი თქმით, 16 დეკემბერსვე ხაზს უსვამდა, რომ კარვის გაშლით იგი ინდივიდუალურად გამოხატავდა პროტესტს. “შესაბამისად, [აღებით] არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა” – ამბობს ხაბეიშვილი.

“მე ვთქვი, რომ დღეს მე აქ ვრჩები და პროტესტს ამ ფორმით გამოვხატავ. თუმცა, ხელისუფლებას ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ 24 საათი კარვებში ვიყო, ბრძოლის იმ ეტაპზე, როდესაც ყველა პოლიტიკურ ოპონენტს დევნიან”, – დასძენს ხაბეიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი