ახალი ამბები | , ,

გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გაიმართა

18 დეკემბერი, 2018 | | 1650
გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გაიმართა

დღეს, 18 დეკემებერს, მოქალაქეებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები იყვნენ, რომლებიც განმარტავენ, რომ ამა წლის 31 დეკმებერს ზვიად გამსახურდიის გარდაცვლებიდან 25 წელი გადის, სახელმწიფოს კი ბრალდებული ჯერ არ ჰყავს. მათი თქმით, 31 დეკემბერს საქმე ხანდაზმულობის გამო დაიხურება.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურასთან საქმის გაგრძელების მოთხოვნით უკვე მეხუთე დღეა, რაც შიმშილობენ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან განმარტავენ, გამოძიების გაგრძელების ერთადერთი საშუალება სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებულის დასახელებაა. მათი ინფორმაციით, საქმე მკვლელობის მუხლით 2015 წელს გადაკვალიფიცირდა.

ცოტნე გამსახურდია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჟურნალისტებთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ პროკურატურისთვის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში და 16-ტომიან საქმეში არაერთი პირია, რომელზეც უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა.

“გამოძიება, ასე თუ ისე, 31 დეკემბრამდე გრძელდება, მაგრამ ჩვენ ხელშესახებ შედეგს ვერ ვიღებთ. რა თქმა უნდა, ლაპარაკსა და დიალოგს წინ არაფერი უდგას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიალოგი დიალოგისთვის. ცარიელი ხელებით თუ დააპირებენ ჩვენთან შეხვედრას, მე ჩავთვლი, რომ ეს დროის ტყუილი ფლანგვაა.

საქმე სულ რაღაც 12 დღეში უნდა დაიხუროს [ხანდაზმულობის ვადის გამო]. ასე ამბობს ორგანული კანონი. ძალიან ძნელია ამ კანონის სხვაგვარი ინტერპრეტაცია. მე ვეჭვობ, რომ ამ უნიათობისა და ნაცარქექიაობის მიღმა პოლიტიკური ნების არსებობა დგას,” – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

რაც შეეხება მათ ადვოკატს, ამირან გიბუაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ თუ საქმე დაიხურება და 12 დღეში ბრალდებული არ დასახელდება, ისინი საქმეში არსებული პირების სახელებსა და გვარებს საჯაროდ დაასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი