ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ დიდია

18 დეკემბერი, 2018 • 1986
ციხელაშვილი: სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ დიდია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხილაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზებისა და ოსებისთვის შემუშავებულმა სამშვიდობო ინიციატივებმა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის” , რომელსაც ოსური მხარე რამდენჯერმე გამოეხმაურა და უპერსპექტივო უწოდა, დიდი ინტერესი გამოიწვია.

“მე ვიცი იმ ადამიანების რეაქციები, რომლებიც ჩვენთან მოდიან ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით სავაჭრო მიმართულებით იდეებითა და პროექტებით. მათ ეშინიათ, რომ ეს საჯაროდ გააკეთონ და, ალბათ, არ არის გასაკვირი, რატომ, რის გამო, რა პირობებში უწევთ ასეთი ინტერესის დაფიქსირება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უპრეცედენტოა დაინტერესება”, – განუცხადა მინისტრმა ნეტგაზეთს „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების” შესახებ საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე.

როგორც ციხელაშვილი ამბობს, ოსური მხარის გამოხმაურება სამშვიდობო ინიციატივებზე მოულოდნელი არ ყოფილა.

“ჩვენ მოვისმინეთ ასევე ერთი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება, რამდენჯერმე და ერთი და იგივე შინაარსით, და ეს იყო დაახლოებით ასეთი, რომ ჯერ გვაღიარეთ და შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სხვა საკითხებზე, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სტატუს ნეიტრალური გამოსავალი, სტატუსის საკითხი, რა თქმა უნდა, არ გადაგვიდია გვერდზე და არ ვიცვლით პოზიციას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ადამიანებს დავეხმაროთ პოლიტიზების გარეშე.

საუბედუროდ, ამ წლების განავლობაში ვუყურებთ იმას, რომ მზარდ კონტაქტებს ყოველთვის ახლავს ბარიკადები, მაგრამ  ჩვენ არჩევანიც არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხი დავაკავშიროთ. ვაჭრობა არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაციონალური გზა. როდესაც ადამიანებს აქვთ საერთო ეკონომიკური ინტერესები, ეს ადამიანები ნაკლებად შედიან კონფლიქტში, ეს არის აქსიომა. დროთა განმავლობაში,  დარწმუნებული ვარ, ის იმუშავებს, ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გააუმჯობესო ადამიანების ძალიან რთული მდგომარეობა”.

საქართველოს მთავრობის ინიციტივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ” კომენტარის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი მედოევმა ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ “ეს პროგრამა ალოგიკურია და არ აქვს მომავალი, ვინაიდან, ერთი მხრივ, ქართული მხარე თანამშრომლობაზე, ძმობასა და მეგობრობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი, ოსების გენოციდის გამო ბოდიშსაც არ იხდის”.

თბილისის მიერ  შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. რას სთავაზობს თბილისი სოხუმსა და ცხინვალს, წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი