ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი: ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ოჯახში ძალადობა მკვლელობით სრულდება

26 ივნისი, 2014 • • 1046
აზერბაიჯანელი უფლებადამცველი: ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ოჯახში ძალადობა მკვლელობით სრულდება
რამდენად ხშირად საუბრობენ აზერბაიჯანში ქალები [მამაკაცები] იმაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან და რამდენად არის საზოგადოება ღია იმისთვის, რომ ამ საკითხებზე დისკუსიები გამართოს? თუ ჩატარებულა რაიმე კვლევები ოჯახში ძალადობის საკითხებზე და როგორია შედეგები? 

 

დღესდღეობით აზერბაიჯანში ქალები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პრობლემაზე. ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები დუმან. 

 

რაც შეეხება ფართომასშტაბიან კვლევას, 2008 წელს გაერომ ჩაატარა. თუმცა ჩვენი ორგანიზაციის მიერ ოჯახში ძალადობის საკითხებზე მონიტორინგი ყოველ წელს ტარდება. თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, ძირითადად, ვაწყდებით მკვლელობებს ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში. კვლევებში, ასევე, სხვა ძალიან დიდი პრობლემა იკვეთება – ქალები ამ პრობლემას სიღრმისეულად ვერ აცნობიერებენ. 

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად რომელ სექტორს [პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები] მიმართავს დახმარებისთვის?  მაგალითად, საქართველოში საზოგადოების ნაწილს სამართალდამცავთა მიმართ აქვს პრეტენზია, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, როდესაც საქმე შეეხება მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობას, ისინი ხშირად არ რეაგირებენ შესაბამისად. როგორ მუშაობს ამ მხრივ პოლიცია აზერბაიჯანში? 


აზერბაიჯანშიც იდენტური სიტუაციაა, თუ არ იკვეთება ფიზიკური ძალადობა, პოლიცია უბრალოდ შენობიდან აცილებს დაზარალებულს და ამით მთავრდება ყველაფერი. 

 

ყველაზე ხშირად მსხვერპლი ან არასამთავრობოში მიდის, ან ტელევიზიაში. ძალიან მცირე ნაწილი მიმართავს უშუალოდ პოლიციას, რადგან პოლიცია ძირითადად ქალს ადანაშაულებს მომხდარში, უხეშად მიმართავენ და არ უსმენენ ქალებს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში ქალები იმუშავებდნენ, მსხვერპლი ქალებისთვის ბევრად უფრო გამარტივდებოდა სიტუაციის ახსნა. 

 

როგორია ტენდენციები და ოჯახში ძალადობის ოფიციალური და არაოფიციალური სტატისტიკა? ძალადობის [ფსიქოლოგიური, ფიზიკური] რომელი ტიპია ძირითადად გავრცელებული თქვენს ქვეყანაში? 

  

ორივე ტიპის, უფრო ხშირად ფიზიკური [ცემა], თუმცა იმ მიმართვებით, რაც ჩვენთან შემოდის, ყველაზე უფრო ქალები იტანჯებიან ორივე ტიპის ძალადობით. 


იმ მონაცემებით, რომელსაც სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები გვაძლევენ, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტი მკვლელობით სრულდება. 

 

რომელი კანონებით რეგულირდება აზერბაიჯანში ეს სფერო და რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონმდებლობა? არის თუ არა ცალკე კანონი ოჯახში ძალდობის შესახებ? 

 

კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ აზერბაიჯანში 2010 წელს მიიღეს, მაგრამ ამის მიუხედავად არ არსებობს აღსრულების მექანიზმები. 

 

რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული იმის შესახებ, რომ შეუძლია მიმართოს პოლიციას ან არასამთავრობოებს ასეთ დროს?

 

ჩვენთან ტელევიზიითაც კი არ გადის მსგავს თემებზე გადაცემები, არც სარეკლამო რგოლები არსებობს ოჯახში ძალადობის საკითხზე. შესაბამისად, ძალიან ბევრმა ქალმა არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს. 

 

არის თუ არა აზერბაიჯანში თავშესაფრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის? თუ არის, როგორ მუშაობენ ისინი? 

 

კი, ასეთი თავშესაფარი არის, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას ექვემდებარება. ეს არის ერთადერთი თავშესაფერი ქვეყანაში. მსხვერპლს აქვს საშუალება 3-დან 12 თვემდე დარჩეს იქ. მათ მიეწოდებათ ფსიქოლოგური, იურიდიული და სამედიცინო დახმარება. ასევე უზრუნველყოფილი არიან ტანსაცმლით, საკვებით. ვეხმარებით სამუშაოს მოძებნაში. ვწერთ უცხო ენების, კერვის, სტილისტის კურსებზე. 

 

რამდენი მსხვერპლი ცხოვრობს ამჟამად თავშესაფარში?

 

დღესღეობით 15. 


მეჰრიბან ზეინალოვა
მეჰრიბან ზეინალოვა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი