ახალი ამბებისამართალი

მოშიმშილე პატიმარი გარდაიცვალა

18 დეკემბერი, 2018 • 3741
მოშიმშილე პატიმარი გარდაიცვალა

17 დეკემბერს პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო პირველ აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებულის შიმშილობის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან გიორგი ფასიეიშვილი სისუსტის გამო ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

“24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე,” – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს დიაგნოზად დაესვა ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოციტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია.

სამსახურის განცხადებით, გიორგი ფასიეიშვილი გადაადგილებისას ინვალიდის ეტლით სარგებლობდა, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე:

“გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.”

ნეტგაზეთი გიორგი ფასიეიშვილის საქმის დეტალების გასარკვევად საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, რომლის პასუხსაც მიღებისთანავე ამავე მასალაში გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი