“უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ უკრაინაში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად რემენა. დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცავებს ყირგიზეთის მოქალაქის რამინ ალხაზოვის ყალბი პასპორტი წარუდგინა. დაკავების შესახებ უკრანის მილიციამ აცნობა საქართველოს საკონსულოს და კიევის შევჩენკოს რაიონის საემიგრაციო სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით,”- განაცხადა ნადირაშვილმა დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, კანონიერი ქურდი თბილისში ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს, 19 საათსა და 35 წუთზე გამოფრინდა.
“რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია იმისთვის, რომ გაეტარებინათ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაეკავებინათ როგორც ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური სამსახურის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის დავალებას, კერძოდ, მათი თქმით, რემენა იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ იყო ბიზნესმენი და სწორედ ამ მოტივით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოსვა და რომან ბარბაქაძე ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა.”
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნადირაშვილი მიმართავს შსს-ს და სხვა სტრუქტურებს.
“ჩვენ მივმართავთ შეკითხვით შსს-ს, მაშინ, როდესაც ისინი ორიენტირებული არიან ყველა ღონისძიებისა და ჩატარებული ოპერაციის მაქსიმალურ გაშუქებაზე, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე. შეკითხვით მივმართავ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს, იმყოფება თუ არა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში. ჩვენი ინფორმაციით, რემენა დაკავებული არ არის და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდებია. თხოვნით მივმართავთ სახალხო დამცველს გამოიყენოს თავისი დისკრეცია ციხეებში და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ. დაბოლოს, კითხვით მივმართავ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, იცნობს თუ არა კანონიერ ქურდს, მეტსახელად რემენას და რა კავშირები აქვს მასთან?”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ გახმიანებულ ინფორმაციას შსს სიცრუეს უწოდებს.
“ეს არის ცრუ ინფორმაცია და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,”- განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში.
