“სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამ შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ჩვენი მოთხოვნა, უცვლელი დარჩეს ეს ტესტი, არ დაკმაყოფილდა, თუმცა კომპრომისზე ორივე მხარე წავიდა. მათ განგვიცხადეს, რომ შესაძლოა, შეეშალათ და უფრო ადრე უნდა გამოექვეყნებინათ ინფორმაცია ამ ცვლილების შესახებ,”- თქვა ნეტგაზეთთან საუბარში მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, ციცი სადაღაშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, მაია გაბუნიას განმარტებით, შეხვედრა პოზიტიური იყო. მათ აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ ცვლილება მხოლოდ ტესტის ერთ-ერთი დავალების ინსტრუქციაში შევიდა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდამდე სამი დღით ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოცდო ტესტის ერთ-ერთი დავალების ინსტრუქცია იცვლება და, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აბიტურიენტს 18 შეცდომა უნდა ეპოვა, ამჯერად დავალებაში აღმოსაჩენი შეცდომების რაოდენობა მითითებული აღარ იქნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ გამართული აქციით აბიტურიენტების ნაწილმა სწორედ ეს ცვლილება გააპროტესტა. მათ სამინისტროში განცხადება დატოვეს, რომლითაც მინისტრსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.
ისინი ტესტში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას და მომავალში ყველანაირი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მინიმუმ სამი თვით ადრე გავრცელებას ითხოვენ.
“ჩვენი მოთხოვნაა, შეიცვალოს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც ეროვნულ ცენტრს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს დღეს აბიტურიენტების მიმართ. თუ წლევანდელ აბიტურიენტებს არ დაეხმარება ჩვენი საპროტესტო გამოსვლა, ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობისთვის მაინც შეიცვლება რაღაც”,- ამბობს აბიტურიენტი ონისე წულაია.
