ახალი ამბები

ინიციატივა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია

17 დეკემბერი, 2018 • 1522
ინიციატივა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია

დღეს, 17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომა დაპირისპირების ფონზე გაიმართა. საბჭოს წევრები დაუპირისპირდნენ არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს, რომელსაც სურდა, საბჭოს მოსამართლეთა შერჩევის წესის შეცვლაზე ემსჯელათ.

სხდომა დაახლოებით 6 საათისთვის დამთავრდა, თუმცა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, საბჭოს წევრებმა კენჭი არც საკითხის მიღებას უყარეს და არც საკითხის გადადებას. მისი განმარტებით, ეს ეწინააღმდეგება რეგლამენტს და ნიშნავს, რომ საკითხი ღია დარჩა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს და შემდეგ პარლამენტს უგზავნის დასამტკიცებლად. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ამჟამად უზენაეს სასამართლოში 11 მოსამართლეა, რომელთაგან ერთს ვადა გახანგრძლივებული აქვს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის  მიხედვით კი, უზენაეს სასამართლოს 28 მოსამართლე უნდა ჰყავდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ რადგან ამდენი მოსამართლე არის ასარჩევი, ხოლო საკითხი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, მან შეიმუშავა ინიციატივა რეგლამენტში შესატან ცვლილებაზე და დღეს გამართულ სხდომაზე წარადგინა. თუმცა, მისი თქმით, შინაარსობრივი განხილვის ნაცვლად, საბჭოს სხვა წევრებისგან, გარდა ანა დოლიძისა, არაკორექტული და უკონტექსტო განცხადებები მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მის ინიციატივას პროცედურული ხასიათი აქვს და ორგანულ კანონში ცვლილებებს არ გამოიწვევს.

ჩემი პროექტი რამდენიმე საკითხს ითვალისწინებდა. პირველი, რომ აუცილებლად გამოცხადდეს ღია კონკურსი, რათა დაინტერესებულ იურისტებს, კვალიფიციურ კადრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება ყოფილიყო ღია და ტრანსლირებული.

ეს უკანასკნელი შესაძლოა განხორციელდეს, თუნდაც, სოციალური მედიით, რაც არავითარი დამატებით აღჭურვილობას არ საჭიროებს,” – ამბობა ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, ინიციატივა ასევე ითვალისწინებს, რომ საბჭოს წევრებს მოემზადებინათ თავიანთი დასკვნა კონკურსანტის შესახებ. შემდეგ კი ყველანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის, განსხვავებული აზრი, პარლამენტში გადაგზავნილიყო.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, მისი პროექტი ითვალისწინებდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას. აღნიშნული ინიციატივა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში საზოგადოების ყველა დაინტერესებული და შესაბამისი ცოდნის მქონე პირის ჩართვას გულისხმობს. მათ შორის კი შეიძლება ყოფილიყვნენ ადვოკატთა ასოციაციის , სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც იურიდიულ სფეროში მოღვაწეობენ, პირები აკადემიური სფეროდან და ა.შ.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საკონსულტაციო ჯგუფი დაესწრებოდა სხდომებსა და გასაუბრებებს. მათთვის ასევე თავისუფალი იქნებოდა წვდომა კანდიდატის დოკუმენტაციაზე და გასაუბრების დროს, საბჭოს ნებართვის შემთხვევაში, კითხვის დასმის საშუალებაც ექნებოდათ. საბოლოოდ კი საკონსულტაციო ჯგუფი მოამზადებდა დასკვნას, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი ექნებოდა. 

ნაზი ჯანეზაშვილმა ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტმა დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო საბჭს მდივანმა საკითხი არც განხილვაზე დაარეგისტრირა და არც გადადო.

ის, რომ აღნიშნულ პროექტს საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტშიც ჩანს. მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ირაკლი შენგელია, პროექტს “აბსოლუტურად უხარისხოს” უწოდებს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ ინციატივა “ნახევარფაბრიკატია”.

“საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ადამიანები[ საბჭოს წევრები] გამორიცხულია, რაღაც გამჭვირვალობას იცავდნენ. ღიაობის სტანდარტების აკმაყოფილებდნენ. ასეთი განცხადებები კეთდებოდა. ანუ თავიდანვე დაჩრდილეს ეს პროცესი. პირველი არაკომპეტენტურობის ნიშნები მე აქ დავინახე,“ – განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ბონდარენკომ.

“ბატონ ირაკლი ბონდარენკოს მინდა ვუთხრა, მრცხვენია, რომ თქვენ მოსამართლე ხართ და ასე გამოდიხართ და შეურაცხყოფას აყენებთ კოლეგებს. მე ამის ნამდვილად მრცხვენია, თქვენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი..

როდესაც ამბობთ, რომ როგორმე ჩვენ გარეშე გადაწყვეტთ, ვიცით, რომ ჩვენ გარეშე გადაწყვეტთ. ვიცით, რომ ასე იზამთ, ეს ახალი ნამდვილად არ არის და ამიტომ მრცხვენია, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ აქ და კონსტრუქციულად დასვათ კითხვები,” – ასე უპასუხა ნაზი ჯანეზაშვილმა ბონდარენკოს სხდომაზე.

რაც შეეხება ანა დოლიძეს, მან სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ თუ იუსტიციის საბჭო ამგვარ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, სხვა სასამართლოებშიც მიიღებს ფორსმაჟორულ სიტუაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი