“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მისაღწევად ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
უგულავამ პარტიის ოფისში დღეს, 17 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გუშინ განვითარებული მოვლენები, როგორც კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამაზე პასუხისმგებელია შს მინისტრი გახარია, რომელმაც ღარიბაშილის საუკეთესო ტრადიციებით დაუწყო ოპოზიციას და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მუქარით საუბარი.
“პოლიციას ჰქონდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება მიცემული ხელის შეშლის და დროის გაწელვის. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ 900 000-მა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერზე ვართ თანახმა, ოღონდ ხელისუფლებაში აღარ იყოს ბიძინა ივანიშვილიო. ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე, “ქართული ოცნების” გარდა, ყველა თანხმდება.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია.
“დიახ, საზოგადოება ხედავს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებს, მაგრამ, ამავდროულად, გვეუბნება: დაჯექით, მოილაპარაკეთ და იყავით კოორდინაციაში, მოიფიქრეთ ახალი ფორმები, მათ შორის ახალი ფორმები რადიკალური ბრძოლის იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, შედეგი, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით – ეს არის პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის კოლონებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში მიდიოდა, პოლიციამ გზა გადაუკეტა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხვალიდან, 18 დეკემბრიდან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა.