ახალი ამბები

ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველ სტუმრებს სასტუმროში უმასპინძლებს

16 დეკემბერი, 2018 •
ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველ სტუმრებს სასტუმროში უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელში, რომელიც, მათ შორის, უმაღლესი რანგის სტუმრების მისაღებად არის გათვალისწინებული, რემონტის დასრულებას 2-3 თვე დასჭირდება.

მანამდე კი, ლაშა ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებენ მუშაობას, თუმცა ორმხრივი შეხვედრებისთვის სხვადასხვა ადგილი გამოიყოფა. მაგალითად, ხვალ შეხვედრებს ზურაბიშვილი ერთ-ერთ სასტუმროში გამართავს.

“ათონელის რეზიდენციის ადმინისტრაციული ნაწილი სრულად დასრულებულია და იქ არის პირობები, რომ პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის ნაწილმა იმუშაოს. მაგრამ ჯერ არის ტრანზიციის პერიოდი, როცა ძველი ადმინისტრაცია უნდა გადმოვიდეს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. შეიძლება მე დამჭირდეს მისვლა [ძველ ადმინისტრაციაში], ვიღაცასთან შეხვედრა, აღწერა მთავრდება, რეკვიზიტები არის ჩასასაწყობებელი და გადმოსატანი”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიას თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე, სავარაუდოდ, განიხილება როგორც პრეზიდენტის, ისე, მთავრობის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დამხმარე შენობად, სადაც უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების მიღებები გაიმართება და მათ შორის, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოიყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი