ახალი ამბები

თბილისში 3 ადამიანს ჰომოფობიური ნიშნით თავს დაესხნენ – “თანასწორობის მოძრაობა”

15 დეკემბერი, 2018 • 2126
თბილისში 3 ადამიანს ჰომოფობიური ნიშნით თავს დაესხნენ – “თანასწორობის მოძრაობა”

ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისში სამ ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. ინციდენტი 14 დეკემბრის ღამით, რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა.

ინციდენტის მონაწილე აქტივისტი ნიკა წიქარიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რესტორანში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მაგიდიდან ხმაური გაიგონა. მისი განცხადებით, დაინახა, რომ რამდენიმე კაცი ჰომოფობიური მოტივით შეურაცხყოფას აყენებდა ორ ქალს(აქედან ერთი მისი მეგობარია), რომლებიც “ხინკლის სახლში” ცოტა ხნის მისულები იყვნენ და სასადილოდ თავისუფალ მაგიდას ეძებდნენ.

წიქარიშვილის თქმით, ამის შემდეგ ინციდენტში თავად ჩაერია, რა დროსაც აგრესია მისი მიმართულებითაც წამოვიდა. აქტივისტის განცხადებით, მათ შორის იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ერთ-ერთმა პირმა კი დანაც ამოიღო. ის მომხდარს მობილური ტელეფონითაც იღებდა.

” “ხინკლის სახლში” მარტო ვიმყოფებოდი. შემოვიდა ჩემი მეგობარი – “თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომელი ირა სილანთევა და მისი მეგობარი გოგონა, რომელსაც არ ვიცნობ. ორი მაგიდის მოშორებით ვიჯექი და დავინახე ისინი. როდესაც შემოვიდნენ, [იქვე მსხდომი კაცებისგან] მესმის შეძახილები – “პაშოლ ნა*უი”, “ლეზბიანკებო” და ა.შ.

[სიტუაციის განეიტრალების მიზნით] ირასთან მივედი, მივესალმე, რაზეც თქვეს[კაცებმა], “ეს პიდარასტიც ჩაერიაო”. ვუთხარი, ნუ ლაპარაკობთ ასე, არ არის სწორი-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. იმან ამოიღო დანა, გახსნა სცადა, თუმცა გაუსრიალდა იმ მომენტში ხელიდან. გავედი, რომ ტელეფონი ამეღო, რის შემდეგაც დაიწყო გინება და ა.შ.

…მე დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ეს არის სიძულვილის ნიადაგზე მოტივირებული დანაშაული, რომელიც ვიდეოშიც ნათლად ჩანს”, – აცხადებს ნიკა წიქარიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შემთხვევის დროს აქტივისტებმა პოლიციაც გამოიძახეს. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, “გამოძიება დაიწყო შესაძლო მუქარის განხორციელების ფაქტზე, სსკ-ს 151-ე მუხლით”.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არ იკვეთება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

*ვიდეო “ხინკლის სახლში”, აქტივისტ ნიკა წიქარიშვილის მიერ, ინციდენტის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ არის გადაღებული. კადრებში აქტივისტის მისამართით ისმის გინება და მუქარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი