ახალი ამბები

აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ ე.წ. ობამაქეარი არაკონსტიტუციურად ცნო

15 დეკემბერი, 2018 • 1444
აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ ე.წ. ობამაქეარი არაკონსტიტუციურად ცნო

აშშ-მ ფედერალურმა მოსამართლემ ბარაკ ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება  დღეს, 15 დეკემბერს გამოცხადდა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ პროგრამა, ფაქტობრივად, გაბათილდა გასულ წელს საგადასახადო კანონში შესული ცვლილების შემდეგ, რომლითაც ჯანდაცვის არქონისათვის ჯარიმა გაუქმდა. მოსარჩელე მხარეს რესპუბლიკელი გენერალური პროკურორები წარმოადგენდნენ ტეხასიდან და ვისკონსინიდან.

დავა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დიდი ალბათობით, აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში გაგრძელდება. პროცესის მიმდინარეობისას ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებას განაგრძობს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ე.წ. ობამაქეარის გაუქმება იყო, რომელსაც ტრამპი ძვირ და არაეფექტურ პროექტად მიიჩნევდა.

“დიდებული სიახლე ამერიკისათვის!” – დაწერა მან “ტვიტერზე” სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ტრამპისგან განსხვავებით, მწვავედ აკრიტიკებენ დემოკრატები და პროცესზე პასუხისმგებლობას რესპუბლიკურ პარტიას აკისრებენ.

“რესპუბლიკელები სრულად არიან პასუხისმგებელნი ამ საშინელ გადაწყვეტილებასა და მილიონობით ამერიკელის ოჯახში დანერგილ შიშზე, რომლებიც ახლა ჯანდაცვის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგა”, – განაცხადა კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ე.წ. ობამაქეარი, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით 2010 წელს დამტკიცდა – მაშინ, როდესაც დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდა. მან მილიონობით ამერიკელისათვის საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახადა და ამ კუთხით უდიდეს  პროექტად იქცა 1960 წლის შემდეგ. თუმცა, რესპუბლიკელები მას კერძო ბიზნესში შეუფერებელ ჩარევად მიიჩნევენ.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე, პროგრამის გაუქმებასა და ჩანაცვლებას ტრამპი და რესპუბლიკელები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, ე.წ. ობამაქეარი გაბათილებულიყო, მათ სენატში, გასული წლის ივლისში ჩაუვარდათ. მაშინ პროგრამის გაუქმებას დემოკარტებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის სენატორებმა, ჯონ მაკკეინმა, სიუზენ კოლინსმა და ლიზა მურკოვსკიმ, რამაც პროექტის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი