ახალი ამბები

სოფელ კურდღელაურში ერთი სახლის მინა, სავარაუდოდ, ქვემეხის გასროლის გამო ჩაიმსხვრა

14 დეკემბერი, 2018 • 1318
სოფელ კურდღელაურში ერთი სახლის მინა, სავარაუდოდ, ქვემეხის გასროლის გამო ჩაიმსხვრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მდებარე სახლის მინა, სავარაუდოდ, ქვემეხის გასროლის გამო ჩაიმსხვრა. კურდღელაურში, სადაც ინაუგურაციის რეპეტიცია ჩატარდა, ადგილობრივები სახლის მინების ჩამსხვრევას ქვემეხების გასროლას უკავშირებენ.

როგორც ისინი რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობენ, დაახლოებით 16:00 საათზე ძლიერი ხმა გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა.

თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მინა მხოლოდ ერთი სახლის ერთი ფანჯრიდან ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. თუმც, სახლის მცხოვრებლებმა მათ განუცხადეს, რომ ზიანი უმნიშვნელოა და თავად შეაკეთებენ.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მინის ჩამოვარდნისა და ქვემეხიდან გასროლის პერიოდი, სავარაუდოდ, ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რთულია დაზუსტებით თქმა, იყო თუ არა გასროლის შემდგომი ბიძგები აღნიშნულის მიზეზი. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიებაზე ქვემეხიდან გასროლის ნაწილი რაიმე ფორმით შეიცვალოს, ნარეკლიშვილი ამბობს, რომ ამის გადაწყვეტა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

“სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება. ინაუგურაციის დროს ქვემეხებიდან სამჯერ გაისვრიან. ამის შესახებ თელავის მერია განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია”, – ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი