ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის განცხადებას ავრცელებს.
“ეს დღეც დადგა. დღეს ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული … ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს მადლობას უხდის გამოცხადებული ნდობისთვის.
“სამუშაოს დაწყების წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი ჩემთვის, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია სხვაა და თან საქართველოში ასე იშვიათად ხდება: ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საჯარო საქმიანობიდან მიცნობდა და რომელსაც მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრივარ საჯარო ღონისძიებაზე, მაღალი ნდობა გამომიცხადა და შემომთავაზა ეს პოზიცია. ეს ბევრს მეტყველებს მის შესახებ, და კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ის, რაც არცერთი დღე არ ყოფილა პრივილეგია, იყო დიდი პასუხისმგებლობა”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.