ახალი ამბები

ვინ იტყუება ბაქოს აეროპორტის სკანდალის საქმეზე?

20 ივნისი, 2014 • • 1219
ვინ იტყუება ბაქოს აეროპორტის სკანდალის საქმეზე?

თეიმურაზ შარაშენიძის ვერსიით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 3,5 – 4 საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებული, რა დროსაც აზერბაიჯანელი მებაჟეები მათ საქმეზე შიდა მოკვლევას აწარმოებდნენ. თუმცა ამ ვერსიის მიხედვით, ბაქოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს ეს ფაქტი თავისი თვალით არ უნახავთ, რადგან შარაშენიძე ამბობს, რომ კონსული და ვიცე-კონსული აეროპორტში იმ დროს მივიდნენ, როდესაც დეპუტატები იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ:

 

“19-ში, 18:30 საათზე ინტერპრესნიუსზე დაიდო ინფორმაცია მათი შეჩერების თაობაზე [IPN-მა ზემოხსენებული ცნობა 19 ივნისს, 17:41 საათზე გაავრცელა]. სწორედ მანდედან მივიღე ინფორმაცია”, – აცხადებს შარაშენიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

IPN-ის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არა აეროპორტში, არამედ დეპუტატების საზღვარზე დაკავების ფაქტს ეხებოდა. იმავე ინტერპრესნიუსმა 19 ივნისს, უკვე 18:18 საათზე აზერბაიჯანში საქართველოს კონსულის ნიკოლოზ გოგიტიძის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ამბობდა, რომ იგი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად საბაჟოზე მიემგზავრებოდა, ხოლო 5 წუთში, ანუ 18:23 საათზე სააგენტო “პირველმა” გამოაქვეყნა თვითონ შარაშენიძის კომენტარი, რომელმაც ნადირაშვილისა და ჯაფარიძის დაკავების ფაქტი დაადასტურა. 18:23 საათი 7 წუთით ადრეა იმასთან შედარებით, რა დროსაც, შარაშენიძის თქმით, იგი ინტერპრესნიუსის მასალას გაეცნო – 18:30 საათზე.

ნეტგაზეთის კითხვას, რაზე დაყრდნობით დაუდასტურა მან ქართულ მედიას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნაცმოძრაობის წევრებს დიდი ოდენობით თანხის შესაძლო არადეკლარირების გამო აეროპორტში პრობლემები შეექმნათ, შარაშენიძე პასუხობს, რომ საელჩოს თანამშრომლების მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე, თუმცა მის მიერ დასახელებული დრო კვლავ არ ემთხვევა ზემოთ მოყვანილ მონაცემებს:

 

“ჩვენი კონსული წავიდა აეროპორტში, მოიძია, გაარკვია ეს ყველაფერი. მართალია, ის არ შეხვედრია საქართველოს მოქალაქეებს იმიტომ, რომ ისინი ფიზიკურად იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ, მათი გათავისუფლება დაახლოებით 18:00 საათისთვის მოხდა, ჩვენ ეს 18:30 საათზე გავიგეთ და ჩვენი თანამშრომლები სადღაც 19:30 საათზე იყვნენ აეროპორტში. შემდეგ უკვე საბაჟოს თანამშრომლებთან საუბარში, ოფიციალურ პირებთან საუბარში გაირკვა ეს ინფორმაცია”, – აცხადებს შარაშენიძე ნეტგაზეთთან.

 

შარაშენიძისაგან განსხვავებულ ვერსიას ყვებიან დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი. ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ბაქოს აეროპორტში, როდესაც ის და ირმა ნადირაშვილი მებაჟეებმა მეორედ გაჩხრიკეს, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები იქ იმყოფებოდნენ:

“პირველი ფრენა იყო შუადღისას, თუ სწორად მახსოვს, 13:15 საათზე, ან 13:30 საათზე. მხოლოდ მე გამაჩერეს. პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა. შემდეგ პასპორტი გამომართვეს. ირმა მოტრიალდა, რომ გაერკვია, რა ხდებოდა. კითხეს – ჩემთან ერთად იყო თუ არა. იმასაც გამოართვეს პასპორტი, წაიღეს ორივე საკმაოდ დიდი ხნით. შემდეგ უფროსს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ პარლამენტის წევრები ვართ, დიპლომატიური პასპორტები გვაქვს. რაღაც პერიოდის მერე ეს პასპორტები მოიტანეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული ვიყავით რეისზე. ბოდიში მოგვიხადეს. დაყოვნების პროცედურა ალბათ სადღაც ნახევარ საათზე მეტი გაგრძელდა. ტყუილია, რომ 3,5 საათი ვიყავით გაჩერებული. ეს ინციდენტი როგორც კი ამოიწურა, ჩვენ ამათ ბოდიში მოგვიხადეს, ძალიან ზრდილობიანად გაგვაცილეს. შემდეგ ვიყავით ქალაქში იმიტომ, რომ აეროპორტში, როგორც გავარკვიეთ, შემდეგი რეისი არ იყო საღამოს 9 საათამდე, ამიტომ 8 საათი იყო დრო და აეროპორტში ვერ ვიჯდებოდით, წავედით.


აეროპორტში ხელმეორედ რომ მივედით, იქ დაგვხვდა სრული საგიჟეთი, აქ უკვე ღამის რეისზეა საუბარი. იქ, ერთ-ერთ ტერმინალში დაგვხვდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. აზერბაიჯანელებმა გვითხრეს, რომ საქართველოს საელჩოდან არიან თქვენი ხალხიო. ჩვენ ისევ ვცადეთ აეროპორტიდან ელჩთან დაკავშირება და ისევ ვერ შევძელით, დავრეკეთ აეროპორტიდან საელჩოში და ისევ ტელეფონს არავინ არ იღებდა, ამ მებაჟეებმა გვითხრეს, რომ მებაჟეებს ეკითხებიანო – რამდენი ფული და რაღაც ელექტროშოკები და რა აღმოაჩნდათო ჩვენს დეპუტატებსო. შემდეგ გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზები არის თვითმფრინავზე და ფრენა იგვიანებსო და როცა უკვე ყველა გასული იყო, მე და ირმა აგვიყვანეს ცალკე, სადაც იყო 20-მდე მებაჟე და ჩვენი ბარგი, პიჯაკები, ცალ-ცალკე გაატარეს, გაგვჩხრიკეს, ბარგი სათითაოდ ამომალაგებინეს და ჩამალაგებინეს, ყველა ჯიბეში ჩაძვრნენ, აპარატში გატარებული პიჯაკი რომ ჩავიცვი, ტანზე კიდევ ხელახლა შეამოწმეს, ნუ, აი, კიდევ დაახლოებით 15-20 წუთი მარტო ჩვენს ჩხრეკას მოანდომეს. ახლა მგონია, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ რაღაც ინფორმაცია, რის გამოც მე ამარჩიეს და მე ვერ მოვხვდი რეისზე და ა.შ”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

“ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთი მილიონი ქეში, შავი ფული”, – ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა ბაქოს აეროპორტში ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ჟურნალისტების შეკითხვას, რა წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს იგი ამ განცხადებებს, კალაძემ უპასუხა:

 

“ჩემი ოფიციალური წყარო არის ის, რომ ბაქოს საბაჟომ გუშინ გააკეთა განცხადება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ და ასევე ბაქოში საქართველოს ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ ეს უკავშირდებოდა დიდი რაოდნეობით ფულს და ეს იყო სწორი”.

 

თვითონ შარაშენიძე, რომელიც ვიცეპრემიერის მიერ გახმიანებული ბრალდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, არ ასახელებს კონკრეტული ადამიანის სახელსა და გვარს თუ თანამდებობას, ვინც ეს ინფორმაცია საელჩოს თანამშრომლებს მიაწოდა. მისი თქმით, აეროპორტში მისულმა კონსულმა ცნობა სანდო წყაროსგან მიიღო:

 

“[ინფორმაცია მიაწოდეს] საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, მაღალი რანგის თანამშრომლებმა, რომლებსაც ენდობა კონსული და საელჩო. ეს ვერბალური ინფორმაციაა. დანარჩენი თუ გაინტერესებთ, წერილობითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ საბაჟო კომიტეტისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან და ყველაფერს მომდევნო კვირის დასაწყისში გავიგებთ”, – ამბობს შარაშენიძე.


შარაშენიძე/ჯაფარიძე/ნადირაშვილი
შარაშენიძე/ჯაფარიძე/ნადირაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი