ნეტგაზეთი | ვიდეო ▶ მარნეულში აბაზოვის გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს ვიდეო ▶ მარნეულში აბაზოვის გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს – Netgazeti
RU | GE  

ვიდეო ▶ მარნეულში აბაზოვის გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს

მარნეულში თემურ აბაზოვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს. ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, დათო გუსეინოვმა განათავსა.

როგორც დათო გუსეინოვმა ნეტგაზეთს უთხრა, თავად თემურ აბაზოვი ფოიერვერკის გაშვებისას მათთან ერთად არ იმყოფებოდა.

  • 13 დეკემბერს, დაახლოებით 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
  • მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.
  • სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.


აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.