ბატონო ზურაბ, როდის ჩახვედით აზერბაიჯანში და რა იყო ვიზიტის მიზანი?
18 ივნისს ჩავედით აზერბაიჯანში. შევხვდით რამდენიმე ჩვენს კოლეგას. მათი თხოვნა იყო ჩავსულიყავით და შევხვედროდით. აინტერესებდათ, ზოგადად, ქვეყანაში რა მდგომარეობაა და კონკრეტულად, არჩევნების დროს… ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ძირითადი ინტერესი, ცხადია, იყო მარნეულში და გარდაბანში განვითარებული მოვლენები. აინტერესებდათ, რა სიტუაციაა, და ამაზე გვქონდა საუბარი.
თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის პირები, ვისაც აზერბაიჯანში შეხვდით?
ამას ვერ დაგისახელებთ. ესენი იყვნენ პარლამენტის წევრები.
ანუ ამ ადამიანებთან გქონდათ დანიშნული შეხვედრა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით?
მათი თხოვნა იყო ჩავსულიყავით და შევხვედროდით. აინტერესებდათ, რა ხდებოდა არჩევნების წინ, მართლა არის თუ არა იქ ეთნიკური პრობლემები. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ყველაფერი, ცხადია, არის სისულელე. კითხვა ჰქონდათ, მაშინ რატომ იყო მთავრობის განცხადებაში ნახსენები ეს. ვუთხარით, რომ მთავარობის ნაცვლად ჩვენ პასუხს ვერ გავცემთ.
მთავრობის რომელ განცხადებაზეა საუბარი?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენჯერმე იყო მთავრობის განცხადებაში საუბარი, კონკრეტულად არ მიკითხავს, რომელ განცხადებაზე იყო საუბარი. ნუ ერთ-ერთ მთავრობის განცხადებაში იყო ნახსენები, რომ იქ შეიძლება რაღაც ეთნიკური ხასიათის პრობლემები იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის სისულელე და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ, წაგიყვანთ იმ რეგიონებში, ჩვენ გიმასპინძლებთ და არ არის პრობლემა, რომ ადგილზე გაესაუბროთ. ნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი-თქო, რაც პრინციპში მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი იყო. გვითხრეს, რომ ახლა ამის საჭიროება არ არის.
მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძეც იქ იმყოფებოდნენ, როგორც ეს ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა?
გიორგი ბარამიძე ამ შეხვედრაზე არ ყოფილა, ის ბაქოში სხვა მიზნით იყო. ნატო-ს ეგიდით რაღაც სხვა შეხვედრა იყო იქ და იმას ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ვიყავით მე, ირმა ნადირაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და პეტრე ცისკარიშვილი.
აეროპორტს რომ დავუბრუნდეთ, რომელ საათზე მიხვედით ბაქოს აეროპორტში?
პირველი ფრენა იყო შუადღისას, თუ სწორად მახსოვს, 2-ის 15 წუთზე თუ ნახევარზე. მხოლოდ მე გამაჩერეს. გია სხვა გასასვლელით გავიდა. გავიდა ყველა. გამაჩერეს, პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა. შემდეგ პასპორტი გამომართვეს. ირმა მოტრიალდა, რომ გაერკვია, რა ხდებოდა. კითხეს – ჩემთან ერთად იყო თუ არა. იმასაც გამოართვეს პასპორტი, წაიღეს ორივე საკმაოდ დიდი ხნით. მე მერე მოვითხოვე, რომ ვინმე უფროსი გამოჩენილიყო, რადგან რეისზე გვაგვიანდებოდა. შემდეგ უფროსს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ პარლამენტის წევრები ვართ, დიპლომატიური პასპორტები გვაქვს. რაღაც პერიოდის მერე ეს პასპორტები მოიტანეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული ვიყავით რეისზე. ბოდიში მოგვიხადეს.
რამდენ ხანს გაგრძელდა დაყოვნების პროცედურა?
ეს გაგრძელდა, ალბათ, სადღაც ნახევარ საათზე მეტი, ალბათ.
საქართველოს ელჩი, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებდა, რომ დაახლოებით 3.5 საათი იყავით გაჩერებული.
ეს არის ტყუილი. ეს ინციდენტი როგორც კი ამოიწურა, ჩვენ ამათ ბოდიში მოგვიხადეს, ძალიან ზრდილობიანად გაგვაცილეს, შემდეგ ვიყავით ქალაქში იმიტომ, რომ აეროპორტში, როგორც გავარკვიეთ, შემდეგი რეისი არ იყო საღამოს 9 საათამდე, ამიტომ 8 საათი იყო დრო და აეროპორტში ვერ ვიჯდებოდით, წავედით.
როგორც კი გავიგეთ ჩვენ ეს ინფორმაცია, თბილისში გაჟღერდაო, რომ თითქოს ჩვენ დაგვიჭირეს და ფული და ელექტროშოკები აღმოგვიჩინეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ელჩის მობილურზე დაკავშირებას, ასევე, ვრეკავდით საელჩოში.
თქვენი პირადი ტელეფონით რეკავდით?
ჩემი პირადი ტელეფონი დამჯდარი იყო, სამწუხაროდ, მე საერთოდ მოწყვეტილი ვიყავი. ჩვენ ვრეკავდით იქ ერთ-ერთი აზერბაიჯანელის ტელეფონიდან, ქუჩიდან ვრეკავდით აზერბაიჯანული ნომრიდან როგორც ელჩის მობილურზე, ისე საელჩოს ნომერზე. საღამოს კი აეროპორტში ვიღაცას გამოვართვით ტელეფონი და იქიდანაც ვრეკავდით. არავინ გვპასუხობდა არც ოფისის ნომერზე, არც მობილურზე. იდეაში, თუ ორ დეპუტატს აკავებენ, ელჩი უნდა მივიდეს ადგილზე.
ნომერი გქონდათ?
ჩვენ გავარკვიეთ ეს ნომერი თბილისიდან, ასევე, ელჩს თავისუფლად შეეძლო გაერკვია, როგორ უნდა დაგვკავშირებოდა ჩვენ და ჩვენი პოვნა ნამდვილად არ იყო პრობლემა.
ჩვენ თავიდან სასაცილოდ არ გვეყო ეს ყველაფერი, მათ შორის კომენტარებიც მივეცით რამდენიმე მედიასაშუალებას და გვეგონა, რომ ამით ეს სისულელე ამოიწურა. მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდოდათ ამ ინციდენტის ამოწურვა.
ამის შემდეგ მე ვუთხარი ირმას, ეს ჩემი ინიციატივა იყო, რომ მოდი, ისე მოვიქცეთ, რომ მართლაც მიგვაქვს რაღაც და ვნახოთ, იქ მართლა დაგვხვდებიან თუ არა და თბილისში შეგვამოწმებენ თუ არა.
ეს უკვე რომელ საათზე იყო?
დღის განმავლობაში, ჩვენ საათები ვიჯექით ქალაქში. რამდენიმე ჩემს კოლეგას დავურეკეთ თბილისში, რაღაცეები მოვწერეთ იქიდან, არაფერი ისეთი არ გვითქვამს, მაგრამ მაინც.
კაფედან როგორ ეკონტაქტებოდით?
ვაიბერით, ვაიფაი ინტერნეტი გვქონდა, ფეისბუქით. ამის შემდეგ ვფიქრობდით, რომ თბილისში დაგვხვდებოდნენ იმის შესაბამისად, რომ მოუსმენდნენ ჩვენს ჩანაწერებს, მაგრამა აეროპორტში რომ მივედით, იქ დაგვხვდა სრული საგიჟეთი, აქ უკვე ღამის რეისზეა საუბარი. იქ, ერთ-ერთ ტერმინალში დაგვხვდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, აზერბაიჯანელებმა გვითხრეს, რომ საქართველოს საელჩოდან არიან თქვენი ხალხიო. ჩვენ ისევ ვცადეთ აეროპორტიდან ელჩთან დაკავშირება და ისევ ვერ შევძელით, დავრეკეთ აეროპორტიდან საელჩოში და ისევ ტელეფონს არავინ არ იღებდა, ამ მებაჟეებმა გვითხრეს, რომ მებაჟეებს ეკითხებიანო – რამდენი ფული და რაღაც ელექტროშოკები და რა აღმოაჩნდათო ჩვენს დეპუტატებსო.
ვინ ეკითხებოდაო?
ასე გვითხრეს, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიო და რომელი ჩინის წარმომადგენლები იყვნენ, არ ვიცი, ჩვენ სხვა ტერმინალიდან მოვფრინავდით და ისინი სხვა ტერმინალში იყვნენ მისულები. გარდა ამისა იყო ძალიან ბევრი ადამიანი მოსული, რომლებიც იქ დადიოდნენ და ჩვენ გვიღებდნენ ტელეფონით სურათებს, რამდენიმე მათგანი ჰგავდა ქართველს, მაგრამ არ ვიცი, ქართველები იყვნენ თუ აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლები. შემდეგ გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზები არის თვითმფრინავზე და ფრენა იგვიანებსო და როცა უკვე ყველა გასული იყო, მე და ირმა აგვიყვანეს ცალკე, სადაც იყო 20-მდე მებაჟე და ჩვენი ბარგი, პიჯაკები, ცალ-ცალკე გაატარეს, გაგვჩხრიკეს, ბარგი სათითაოდ ამომალაგებინეს და ჩამალაგებინეს, ყველა ჯიბეში ჩაძვრნენ, აპარატში გატარებული პიჯაკი რომ ჩავიცვი, ტანზე კიდევ ხელახლა შეამოწმეს, ნუ, აი, კიდევ დაახლოებით 15-20 წუთი მარტო ჩვენს ჩხრეკას მოანდომეს.

თუ აგიხსნეს, რა მიზანი ჰქონდა ამ ჩხრეკას?
არა, არაფერი არ უთქვამთ.
თქვენ ჰკითხეთ?
ნუ, რა უნდა მეკითხა – თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ რატომ მამოწმებთ-მეთქი?
თქვენ დიპლომატიური პასპორტი ხომ გაქვთ?
დიახ.
და ასეთ შემთხვევაში რამდენად ჰქონდათ მათ თქვენი გაჩხრეკის უფლება?
არ ვიცი, მე ეს ნამდვილად არ გამიპროტესტებია და არ მითქვამს, რომ დიპლომატიური პასპორტი მაქვს და ამიტომ… ნუ, შემოწმება შემოწმებაა. პირველ ჯერზე, ხომ გეუბნებით, საერთოდ არც მიფიქრია, რომ რაღაც ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდათ მათ. უბრალოდ, მერე რაც მოხდა, იქიდან გამომდინარე, ახლა მგონია, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ რაღაც ინფორმაცია, რის გამოც მე ამარჩიეს და მე ვერ მოვხვდი რეისზე და ა.შ. იმ დროს რატომ უნდა მეფიქრა, რომ თბილისიდან ჩემზე რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ?
ბატონო ზურაბ, ბილეთების ყიდვა მეორე რეისისთვის თქვენ თავად მოგიწიათ?
კი, 135 მანათი გადავიხადეთ თითო ბილეთში, რომ გამოვფრენილიყავით.
ეს არ გააპროტესტეთ? თქვენ ხომ მათ გამო, ანუ შემოწმების გამო დააგვიანეთ პირველ რეისზე?
არა, ბილეთები ჩვენ მერე ვიყიდეთ, მანამდე, ცხადია, ვუთხარით, მაგრამ გვიპასუხეს, დიდი ბოდიშიო, რომ ასე მოხდაო, მაგრამ ხდებაო და მეტი არაფერი არ გაგვიპროტესტებია, წივილ-კივილი ნამდვილად არ მოგვიწყვია იქ. საღამოს თვითმფრინავმა 15 წუთით დააგვიანა გამოფრენა იმის გამო, რომ ჩვენ გვჩხრეკდნენ და, როგორც ჩანს, სპეციალურად მოემზადნენ იმისთვის, რომ ჩვენ უნდა გავეჩხრიკეთ, იმიტომ, რომ იქ ჩვეულებრივი მებაჟეების გარდა ჰალსტუხიანი ხალხი იყო, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ “უფროსობიდან” იყვნენ და არ იყვნენ რიგითი თანამშრომლები, ალბათ, უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, არ ვიცი.
თბილისში რომ ჩამოვედით, აქ ცალკე დაგვხვდა, გვერდზე ბარგი რომ გამოდის, სპეციალურად მოწყობილი აპარატი იყო დამონტაჟებული, რომ ჩვენი ბარგი შეემოწმებინათ. მათ შორის, თვითმფრინავიდან რომ გამოვედი, ერთი ნაცნობი შემხვდა, ორი უცხოელი იყო, რომლებსაც უბრალოდ გავუღიმე და ნუ, ჩემი ბარგი ხომ შეამოწმეს, და მერე ამ ჩემი ნაცნობი და ამ ორი უცხოელის ბარგიც შეამოწმეს და ისე გამოგვიშვეს, 20-მდე მებაჟე იდგა ესე მწკრივში, წრე ჰქონდათ გაკეთებული, რომ არ გამოვპარვოდით იქიდან. ეს იყო სრული საგიჟეთი.
თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ფაქტი, რაც გუშინ მოხდა?
არ ვიცი, ეს მე როგორ უნდა ავხსნა?! შუადღისას, როდესაც დავაგვიანე რეისზე, მე მაშინ არაფერი მიფიქრია. ვიფიქრე, რაღაც არ მოვეწონე სახეზე და შემამოწმა. ეს ჩვეულებრივი რაღაცაა, მე ადრეც შევუმოწმებივარ, უბრალოდ, აქ 40 წუთში გამოფრენა იყო და ამის გამო მოხდა, რომ ვერ გამოვფრინდი.
ახლა რასაც ვუყურებ, რაც მოხდა მთელი დღის განმავლობაში, უკვე პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ კონკრეტულად ჩემზე მიცემული და მერე ალბათ მთელი ეს აჟიოტაჟი, რომ ინფორმაციას უნდა გაეჟონა სადღაც, რომ რაღაცა მიპოვეს და ალიაქოთი აეტეხათ, რაც ატყდა კიდეც გუშინ. მეტი სხვა ახსნა, რა მიზანს ემსახურებოდა, მთელი ეს მასკარადი, მე პირადად ნამდვილად არა მაქვს.
თქვენი პარტიის წევრები – მიხეილ მაჭავარიანი, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბარამიძე იგივე რეისით მოფრინავდნენ?
იგივე რეისი იყო, უბრალოდ, მგონი, გია რაღაც სხვა ღონისძიებაზე იყო საერთოდ ჩასული. ამ რეისით გამოფრინდნენ პეტრე ცისკარიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი ისე, რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. არც ირმა ნადირაშვილს არ ექნებოდა რაიმე პრობლემა, რომ არ მობრუნებულიყო. ირმამ რომ დაინახა, რომ გამაჩერეს, მობრუნდა და რომ კითხეს – ამასთან ერთად ხარო, კიო და მაგიტომ გამოართვეს პასპორტი. ვიდექით და ორივე ველოდებოდით, როდის დააბრუნებდნენ ჩემს პასპორტს – ამის გამო დარჩა, თორემ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
