ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომზე სარჩელები დაუშვებლად ცნო

13 დეკემბერი, 2018 • 3865
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომზე სარჩელები დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR)  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი – დაუშვებლად, ერთი კი – ნაწილობრივ დაუშვებლად ცნო.

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის 2 საქმე საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო, 1 კი- “ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” – ნაწილობრივ დაუშვებლად. საქმე ეხება ცხინვალის დაბომბვის ეპიზოდს. შემდგომ ეტაპზე სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციებს 6 მთავარ კითხვაზე:

სამ საქმეზე – “ჯიოევა და ორი სხვა აპლიკანტი საქართველოს წინააღმდეგ”, “კუდუხოვა და კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ” და “ნანიევა და ბაგაიევი საქართველოს წინააღმდეგ” აპლიკანტები ჩიოდნენ იმის შესახებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებების შედეგად  სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში, ხოლო  მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

საქმეები “კუდუხოვა და კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ” და “ნანიევა და ბაგაიევი საქართველოს წინააღმდეგ” სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ჩათვალა რა, რომ ისინი დაუსაბუთებელი იყო.

რაც შეეხება ხადიჯა ჯიოევას და მისი შვილების – ირინა და ალინა კაჩმაზოვების საქმეს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯიოევას ნაწილში გადაწყვეტილების მიღება გადაევადებინა, ვიდრე საქართველოს მთავრობას არ მიმართავს და კითხვებს არ გასცემს პასუხს, ხოლო მისი შვილების ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. სასამართლომ მიუთითა, რომ მათ დატოვეს ცხინვალი, სოფელში იმყოფებოდნენ და საომარი მოქმედებების დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

აღსანიშნავია, რომ სამივე საქმეზე მოსარჩლეები ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი