ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი და ცხინვალი ჟენევის დისკუსიებზე დევნილთა საკითხების განხილვას არ აპირებენ

19 ივნისი, 2014 • • 1454
სოხუმი და ცხინვალი ჟენევის დისკუსიებზე დევნილთა საკითხების განხილვას არ აპირებენ

“ჟენევის დიკუსიებზე დევნილთა პრობლემების არამიზანმიმართული განხილვის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ერთობლივი განცხადებით გამოვიდა. მათი განცხადებით, იქამდე იქნებიან ისინი ამ თემის განხილვის წინააღმდეგი, სანამ საქართველო არ შეწყვეტს გაეროს გენერალური ასამბლეაზე ამ მნიშვნელოვანი თემის ხელოვნულ პოლიტიზებას. მათ დღის წესრიგიდან დევნილთა შესახებ პუნქტის ამოღება მოითხოვეს. რუსეთის მხარემ მხარი დაუჭირა აფხაზ და სამხრეთ ოსეთის კოლეგებს. საქართველოს დელეგაციის მზაობის არ არსებობასთან დაკავშირებით, დღის წესრიგის დარჩენილი საკითხების განხილვა შემდეგ შეხვედრამდე, ოქტომბრის დასაწყისამდე გადაიდო,” -ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 


ჟენევის დისკუსიების აღნიშნულ რაუნდს გამოეხმაურა დღეს, 19 ივნისს ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 

 

მისი თქმით, მონაწილეებმა ცხინვალიდან და სოხუმიდან ჟენევაში დევნილების თემით პოლიტიკური სპეკულაცია სცადეს, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღის წესრიგიდან დევნილთა საკითხის ამოღება მოითხოვეს და სხდომა დატოვეს.

 

”ისინი ამ მოთხოვნის საბაბად დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ასახელებდნენ. აფხაზი და ოსი მონაწილეების შემდეგ სხდომა რუსმა მონაწილეებმაც დატოვეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ კიდევ ერთხელ სცადეს დევნილების თემით პოლიტიკური სპეკულაცია. დევნილთა თემა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და მისი დღის წესრიგიდან ამოღება არ მოხდება.  სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე საკითხია, რომელთა გამოც არსებობს ჟენევის დისკუსიების ფორმატი, ამდენად დევნილთა თემაზე არანაირი კომპრომისი არ იქნება. პირიქით – ჩვენ ვცდილობთ, ეს თემა  კონსტრუქციულ რეჟიმში დაიძრას ადგილიდან’, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს.

 

მისივე განცხადებით, მიუხედავად მეორე ჯგუფის სხდომის ჩაშლისა, ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები თანათავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში განიხილა.

 

”ჩვენ თანათავმჯდომარეებთან განვიხილეთ გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის ახალგორის მიმართულებით, საკითხი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის თემა. ასევე, ვიმსჯელეთ გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობის პრობლემებზე. ამდენად, იმის მიუხედავად, რომ მეორე ჯგუფის სხდომა ჩაიშალა, ჩვენ ამ საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მაინც შევძელით და ველოდებით მათი მეშვეობით რეაგირებას და ეფექტურ ნაბიჯებს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი