ახალი ამბები

მთავრობამ წინასაარჩევნოდ სპორტსმენები და მწვრთნელები 2.3 მლნ ლარით წაახალისა

19 ივნისი, 2014 • • 1130
მთავრობამ წინასაარჩევნოდ სპორტსმენები და მწვრთნელები 2.3 მლნ ლარით წაახალისა

თითოეული სპორტსმენის მიერ წახალისების მიზნით მიღებული თანხის რაოდენობა 425 ლარიდან იწყება და 51 000 ლარამდე ადის. 51 000 ლარი მიიღეს ძიუდოისტებმა – ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ისინი 2014 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 170 000 ლარი მიიღეს წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის.

 

წახალისებულთა შორის არიან საქართველოს რაგბის ნაკრების წევრებიც. რაგბის ნაკრებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 147 500 ლარი გამოიყო, მათ შორის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლების მოპოვებისათვის- 680 000 ლარი, ევროპის ერთა თასის მოპოვებისათვის -170 000 ლარი, დანარჩენი თანხა კი, FIRA- IRB-ის (ევროპისა და მსოფლიო ფედერაცია) ეგიდით ჩატარებული ოფიციალური-სარეიტინგო შეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებისათვის.


შეგახსენებთ, რომ რაგბის ნაკრების წევრები 2013 წელს კოალიცა “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების” მსხვილ შემწირველებს შორის იყვნენ: ლაშა მალაღურაძემ და დავით კაჭარავამ მაშინ “ქართული ოცნებისთვის” 30-30 ათასი ლარი გაიღეს.


მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2014 წლის 6 ივნისს გამოყოფილი თანხიდან 911 200 ლარი სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო პერსონალისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების წევრებს გადაეცათ. 84 320 ლარი – სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით გამოიყო, ხოლო 1 317 500 ლარი – სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი