მარკ მალენი ამბობს, რომ ჩატარებული არჩევნები ორი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ვინაიდან მერები და საკრებულოს წევრები პირდაპირი წესით არიან არჩეულები, ისინი რეალურად შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივ დონეზე. მისი აზრით, თუ ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არცთუ ისე მნიშვნელოვნად ითვლებოდა იმის გამო, რომ არავითარ ძალაუფლებას ადგილობრივი მმართველობა არ ფლობდა, ეს სიტუაცია იცვლება.
“ეს სიტუაცია თანდათანობით იცვლება და პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ არჩევნების შემდეგ, ადგილობრივ მმართველობას ექნება გარკვეული ძალაუფლება, გადაწყვეტილებების მიღების უფლება ადგილობრივ დონეზე. ”
მარკ მალენი მეორე მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ ხელისუფლებამ მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღიარა და არ უცდია ხმების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა.
“მათ არ “უჩალიჩიათ”, ხმების რაოდენობა გაეზარდათ თუნდაც 51 პროცენტამდე, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო საჭირო. მათ აღიარეს, რომ მეორე ტური იქნება, რაც არის ხელისუფლების მოწიფულობის მაჩვენებელი”.
მარკ მალენმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა, როცა მიხეილ სააკაშვილი მეორედ იყრიდა კენჭს: “მაშინ არსებობდა ეჭვი იმასთან მიმართებაში, რომ მიშას არ გადაულახავს ბარიერი, მაგრამ მეორე ტური არ დაუშვეს და პროცენტები ხელოვნურად აწიეს”.
დარღვევებთან დაკავშირებით მარკ მალენი ამბობს, რომ ვინაიდან იგი არ იყო ოფიციალურად აკრედიტებული დამკვირვებელი, უშუალოდ არ შესწრებია დარღვევის ფაქტებს. თუმცა ის დარღვევები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მისი თქმით, საკმაოდ სერიოზული ხასიათისაა.
“დარღვევები იყო რაოდენობით ნაკლები, მაგრამ საკმაოდ სერიოზული”.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა, დააკვირდნენ, რამდენად დადგება ამ დარღვევებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მოუწევთ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ჯარიმის გადახდა, თუ რეალურად დაისჯებიან.
მარკ მალენის განცხადებით, ეს მისი პირადი მოსაზრებებია და არ გამოხატავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ოფისის შეხედულებებს.
