ახალი ამბები

სოფლის მოსახლეობა “შუახევი ჰესის” მშენებელ კომპანიას ლონდონში უჩივლებს

19 ივნისი, 2014 • 2368
სოფლის მოსახლეობა “შუახევი ჰესის” მშენებელ კომპანიას ლონდონში უჩივლებს

„შუახევი ჰესის“ მშენებლობა დაბა შუახევში გასულ წელს დაიწყო. ჰესის საძირკვლის ჩაყრაში მონაწილეობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ინვესტორი კომპანიის „Tata Power“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილმა გახსნის ცერემონიალზე თქვა, რომ ჰესი უნდა აშენდეს.

იმისთვის, რომ „შუახევი ჰესი“ აშენდეს, ორი ხეობა, რომელსაც შუაზე მთები ჰყოფს, ერთმანეთს გვირაბებით უნდა დაუკავშირდეს. ერთ-ერთი სადერივაციო გვირაბის გაყვანა სწორედ იმ მთის ქვეშაა დაგეგმილი, რომელ მთაზეც სოფელი ღურტაა გაშენებული.

სოფელი მეწყრულ ზონაშია, მოსახლეობა შიშობს, რომ იმ აფეთქებების შედეგად, რომელიც გვირაბის გაყვანისთვისაა საჭირო, მეწყრული პროცესები გააქტიურდება. ასევე არსებობს საფრთხე დაიკარგოს სასმელი წყალი.

8 მარტს, როცა სოფლის ძირში გვირაბის მშენებლობა დაიწყო, ღურტელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა. მოგვიანებით გავრცელდა ღია წერილი, რომელსაც ხელს სოფელ ღურტის 142 მცხოვრები აწერს. წერილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნეს. თუმცა მას რეაგირება არ მოჰყოლია.

უშედეგოდ მიმართეს სასამართლოსაც. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სოფელ ღურტაში მცხოვრებ ნოდარ გელაძისა და კიდევ 12 ღურტელის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ღურტელები სასამართლოს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცემული იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერებას სთხოვდნენ, რომლის მიხედვითაც სოფლის ძირში მშენებლობა მიმდინარეობდა.

„ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, ყველგან ვიჩივლებთ, აქციებსაც გავმართავთ, საკუთარი უფლებების დაცვას ბოლომდე ვაპირებთ. გვირაბის გასაყვანად ყოველ 15 მეტრში ერთი აფეთქებაა საჭირო, ეს მთა მხრებს აიჩეჩავს და ჩამოიშლება. ვინ აგებს პასუხს, მიწისქვეშ ცოცხლად რომ დავიმარხოთ? რა ბედი ეწევა ამ სოფელს? მაშინ იქნებ მიწის ფართობი გამოგვიყოთ გვერდით მთაზე და ჩვენი ხსოვნის მემორიალს ჩვენვე გავაკეთებთ წინასწარ. სახელმწიფო ჩვენზე უნდა ფიქრობდეს, ჩვენ ვირჩევთ მათ და ასეთი უგულო როგორ შეიძლება იყვნენ?“ – კითხულობს ნოდარ გელაძე, სოფელ ღურტის მცხოვრები.

ნოდარ გელაძე თანასოფლელებთან ერთად

ნოდარ გელაძე იმ საბჭოში შედის, რომელიც სოფელმა თავის წარმომადგენლად აირჩია და კომპანიასთან თუ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს კომპანიის მიერ წარმოებული მშენებლობის უსაფრთხოება, ყველა ნებართვა კომპანიას აქვს მიღებული. კომპანიას აქვს გაფორმებული მემორანდუმი სახელმწიფოსთან, რომელიც კომპანიას ავალდებულებს უსაფრთხოების ზომები გაატაროს,“ – ამბობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ზვიად დიასამიძე.

ღურტის აქციის დაშლის შემდეგ სოფელ ღურტას და მის მიმდებარედ სოფლებს აჭარის მთავრობამ მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. მოლაპარაკების პროცესი ამ დრომდე გაჭიანურდა. მთავრობის შეთავაზებულ მემორანდუმს რამდენიმე სოფელი დათანხმდა, მათ შორის გელაძეები, პაქსაძეები და დიდაჭარა. მთავრობისა და კომპანიის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმზე უარი განაცხადა სოფელმა ღურტამ და საკუთარი ვერსია წარადგინა.

რას ითხოვს ღურტა – რას სთავაზობს მთავრობა და კომპანია

სოფელ ღურტის მოსახლეობას შემდეგი მოთხოვნები აქვს: კომპანიამ სოფელში განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტი – დააგოს 15 კმ. სიგრძის ბეტონის გზა; დაასაქმოს ღურტელები – ერთი ოჯახიდან ერთი ადამიანი; მიაწოდოს ელექტროენერგია უფასოდ; ყოველწლიურად დააფინანსოს სოფელ ღურტიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები (დაახლოებით 10-12 ათასი ლარი წელიწადში).

იმ შემთხვევაში, თუკი ჰესის მშენებლობის დროს სოფელ ღურტაში წყლის რესურსი შემცირდება ან გაქრება, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დანაკარგის აღდგენა. თუ დადგინდება, რომ წყლის დანაკარგის აღდგენა შეუძლებელია, ფაქტის დაფიქსირებიდან ორი თვის ვადაში კომპანიამ დაზარალებულები უნდა გაასახლოს ხელვაჩაური-ბათუმი-ქობულეთის ტერიტორიაზე, მსოფლიო ბანკის არანებაყოფილებითი განსახლების პოლიტიკის მოთხოვნათა დაცვით.

მოსახლეობა ასევე ითხოვდა სპეციალური ფონდის შექმნას, რომელშიც 5 მილიონი ლარის იქნებოდა მობილიზებული. თანხა მხოლოდ დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული განსახლების საჭიროების მქონე და დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნათა სწრაფი და ოპერატიული დაკმაყოფილების მიზნით.

აჭარის მთავრობამ და „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ღურტის მოსახლეობას შესთავაზა ერთი სოციალური ან სათემო ინფრასტრუქტურის პროექტი. ასევე კომპანია იღებდა ვალდებულებას დაესაქმებინა ღურტის მცხოვრებლები პერიოდული როტაციის პრინციპით. კომპანია ხდებოდა სპონსორი და სოფლის მოსახლეობას აძლევდა ექვს სასწავლო სტიპენდიას საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, თუკი გვირაბის მშენებლობის დროს სასმელი წყალი დაიკარგებოდა, პირველ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფდა მის დროებით მიწოდებას, ხოლო თუ წყლის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა, 6 თვის ვადაში გაასახლებდა მოსახლეობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტების შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ არ მიიღო მემორანდუმი, რომელიც სოფელ ღურტის მოსახლეობამ მას შესთავაზა.

„როდესაც მოსახლეობამ მოსთხოვა საგარანტიო ხელშეკრულება კომპანიას – თუ კომპანიის საქმიანობა დააზიანებდა მათ ქონებას, საცხოვრებელ სახლს, უძრავ ქონებას, აიღებდა ვალდებულებას საერთაშორისო სტანდარტებით აენაზღაურებინა ეს ზიანი, კომპანიამ უარი განუცხადა მოსახლეობას საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ეს პროექტი სრულყოფილად არ შეუსწავლიათ. კომპანიაც ვერ იძლევა იმის გარანტიებს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები არ დააზიანებს სოფელ ღურტის მცხოვრებთა კუთვნილ ქონებას. შესაბამისად, სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების განხილვის საჩივრების მექანიზმი. ისინი აპირებენ, რომ მოამზადონ საჩივარი ამ პროექტზე და ამით დაიცვან საკუთარი უფლებები. ეს გულისხმობს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას,“ – ამბობს დათო ჭიპაშვილი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული მრჩევლის განცხადებით, კომპანია მზად იყო გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსახლეობასთან, თუმცა მოსახლეობამ არ მიიღო მათი შეთავაზებული ხელშეკრულება.

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩამოყალიბებული ვერსია [მემორანდუმი, რომელიც ღურტის მოსახლეობამ შესთავაზა კომპანიას], რომელიც უკვე აღსრულებას, ანუ ხელმოწერას დაექვემდებარებოდა. ეს მემორანდუმის სამუშაო ვერსია იყო. ბოლო შეხვედრაზე გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უკვე ის პირობები, რაც იყო მოთხოვნილი ხალხის მიერ, ინვესტორის გადაწყვეტილებით დავთანხმდებოდით, საბოლოოდ ისინი აღარ დათანხმდნენ,“ – ამბობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული მრჩეველი თორნიკე ყიფიანი.

სტუდენტები ღურტაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სტუდენტები ღურტაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

წაბლანა

კიდევ ერთი სოფელი, რომლის უშუალო სიახლოვესაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელი წაბლანაა. წაბლანის მოსახლეობა კომპენსაციის მოლოდინშია და სახელმწიფოს 11 მილიონზე მეტ ლარს სთხოვს. წერილი, რომელსაც ხელს წაბლანაში მცხოვრები 226 ოჯახი აწერს, ენერგეტიკის მინისტრს გაუგზავნეს. წაბლანელების თქმით, თითოეული ოჯახი კომპენსაციის სახით 50 ათას ლარს ითხოვს.

„ჩვენ სხვა სოფლებისაგან განსხვავებით არ გაგვიყიდია სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული მიწები. მხოლოდ რამდენიმე მოსახლემ მიიღო კომპენსაცია იმ მიწისთვის, რომელზეც უშუალოდ შენდება კაშხალი. სოფლის საძოვრები ჰესის მშენებლობის ზონაში ხვდება. ამას გარდა, ტონობით ინერტული მასალაა, ესეც სოფლის საკუთრებაა, ამისთვისაც კომპენსაცია გვეკუთვნის,“ – ამბობს სოფელ წაბლანის მკვიდრი ზურაბ მახარაძე.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის, დათო ჭიპაშვილის თქმით, წაბლანაში არსებული სიტუაცია ჰგავს ღურტის სიტუაციას:
„პროექტის განხორციელების შემთხვევაში წაბლანის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული ინერტული მასალების კარიერების დატბორვასაც, რაც პრაქტიკულად მოსახლეობას ამ რესურსების გარეშე ტოვებს. ამასთან, სოფელი წაბლანაც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1989 წელს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა ამ სოფელში. მოსახლეობა შიშობს, რომ სადერივაციო გვირაბის გაყვანა პრაქტიკულად მათ ეკომიგრანტებად აქცევს“.

აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, წაბლანის მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება:

„წაბლანის ტერიტორიაზე კომპანიას მოსახლეობისაგან ნაყიდი აქვს ყველა მიწა, რაც სჭირდება ჰესის მშენებლობისთვის. ეს ტერიტორიები უკვე ჰესის მშენებელი კომპანიის საკუთრებაა. ერთადერთი, რაც ამ სოფელში შეიძლება ჩვენ განვიხილოთ, ესაა სოციალური პროექტები, რომელიც შეიძლება მოსახლეობის შეთანხმების შემთხვევაში გაკეთდეს“.

წაბლანაში სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია

კვატია

სოფელი კვატია სოფელ წაბლანის გვერდით მდებარეობს. წყალსაცავი, რომლის აშენებაც დაგეგმილია, სოფელ კვატიასთან უშუალო სიახლოვესაა. სოფელ კვატიას მკვიდრი ოთარ ბერიძე შიშობს, რომ წყალსაცავის აშენების შემდეგ სოფელში ცხოვრება სახიფათო იქნება.
„წყალი სოფელთან ძალიან ახლო მონაკვეთში გუბდება, ვერც ქათამს გავზრდით, ვერც ვერაფერს. ბავშვსაც ვერ გავუშვებთ ეზოში. სოფელში ამჟამად 72 ოჯახი ცხოვრობს. ვითხოვთ, კომპანიამ მოგვცეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი, რამე რომ მოხდეს, წასასვლელი გვქონდეს,“ – ამბობს ოთარ ბერიძე.

„ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებს განსახლებას, ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება გარანტიებსა და მოსახლეობის შეშფოთებისადმი საპასუხო ნაბიჯებს, მემორანდუმი, რომელსაც ვთავაზობთ სოფელს, თავიდან ბოლომდე ფარავს ყველა იმ თემას, რომელიც მოსახლეობის მიერ არის გამოთქმული,“ – აცხადებს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ზვიად დიასამიძე.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის, დათო ჭიპაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა მოსახლეობის ინტერესების დაცვის ნაცვლად ინვესტორი კომპანიის დაცვაა:

„სახელმწიფოს პოლიტიკა არის უგუნური და მიუღებელი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება ინვესტორის მთავარ მცველად და ადვოკატად. იგი საერთოდ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის აზრს არამარტო ამ პროექტის, არამედ სხვა პროექტებთან მიმართებაშიც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი