ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

12 დეკემბერი, 2018 • 1266
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

დღეს, 12 დეკემბერს, რუსთავის მეტალურგიურმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ქარხანა ამ გადაწყვეტილებას წარმოების შემცირებას უკავშირებს და ირანიდან დემპინგურ ფასად იმპორტირებულ არმატურაზე საუბრობს.

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი. 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე,”-წერია ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარხნის მფლობელი კომპანია პრობლემების შესახებ ძირითადად მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ალაპარაკდა, როცა ირანიდან არმატურის იმპორტი, მათივე თქმით, დემპინგური ფასით, საგრძნობლად გაიზარდა.

ბოლო პერიოდში საკითხი არაერთგზის განიხილეს საპარლამენტო დონეზეც: გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის რამდენიმე სხდომა, რომელშიც “რუსთავის ფოლადისა” და სხვა, მათ შორის ცემენტის მწარმოებელი კომპანიების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგებლები მონაწილეობდნენ.

სხდომებზე დღის წესრიგში ძირითადად იდგა ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობის საკითხი, რომელიც  უცხოური კომპანიებისათვის პროდუქტის ღირებულების მიმართ გარკვეულ ბარიერებს აწესებს. კანონპროექტზე მუშაობა მაშინდელმა მთავრობამ 2015 წელს დაასრულა და აცხადებდა, რომ მას ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები უნდა დაეცვა. კანონი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი