ახალი ამბები

“სიყვარულით სავსე ქალაქი” – თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი

12 დეკემბერი, 2018 • 3015
“სიყვარულით სავსე ქალაქი” – თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სიყვარულის ნაკლებობა იგრძნობა, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება “სიყვარულით სავსე ქალაქი”. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ უმთავრესი მაინც არის ის, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქალაქში ნათლად იგრძნობა – ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს… ეს არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ, ქუჩის ბინადარი ცხოვლების მიმართ. მეტი პატივისცემა გვმართებს როგორც ჩვენი დიდი მემკვიდრეობის, ასევე სიახლეებისადმი.

ვისურვებდი, რომ სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება – “სიყვარულით სავსე ქალაქი”.

დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის სიყვარული, რადგან დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით და შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ. მესმის, რომ შესაძლოა ჩვენ გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და მოსაზრებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად – უნდა იყოს პოლემიკა, უნდა იყოს დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება… ეს კატეგორიულად მიუღებელია, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის. არავის სიამოვნებს ის გარემო, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კახა კალაძის განცხადებით, კონცერტზე კინომუსიკა შესრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი