ახალი ამბები

საკონსტიტუციომ ისევ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები — საპატრიარქო მიწის რეგისტრაციაზე

11 დეკემბერი, 2018 • 1524
საკონსტიტუციომ ისევ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები — საპატრიარქო მიწის რეგისტრაციაზე

“დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა”, — წერს საპატრიარქო მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საპატრიარქოს განცხადება მოსდევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დროებით დაუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწი საკუთრების რეგისტრაცია.

საპატრიარქოს ვებგვერდის თანახმად, 10 დეკემბერს საპატრიარქოში ჩატარდა კონფერენცია მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე “აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც … არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი”.

საპატრიაქროს თანახმად, კონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ მიწა “პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი”.

პრესრელიზის თანახმად, კონფერენციამ ხელისუფლებისათვის მიმართვა შეიმუშავა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები.


უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის უფლებას ართმევს, ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის.

ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

ვრცლად:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/171956/

მასალების გადაბეჭდვის წესი