გერმანიის არქივებში პუტინის შტაზის მოწმობა იპოვეს

საარქივო მასალებში აღმოაჩინეს შტაზის — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ – აღმოსავლეთ გერმანია)  სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს — მიერ ვლადიმერ პუტინზე გაცემული მოწმობა.

“მაიორ ვლადიმერ პუტინის” ფოტო და ბარათი აღმოსავლეთ გერმანიის დროინდელ ფაილებში აღმოაჩინეს, რომლებიც დრეზდენში იყო შენახული. პუტინი 1980-იან წლებში კგბ-ის ოფიცრად მუშაობდა. გდრ 1949-90 წლებში არსებობდა, ბერლინის კედლის დანგრევამდე.

ინფორმაცია გაავრცელა გერმანულმა გაზეთმა ბილდმა (Bild). გამოცემის თანახმად, ბარათს ვადა 1989 წლამდე ჰქონდა.

არქივის დირექტორმა ბილდს უთხრა, რომ ბარათი პუტინს საშუალებას მისცემდა, დაუბრკოლებლად შესულიყო შტაზის არქივებში და გაუმარტივებდა აგენტების რეკრუტირებას, რადგან არ მოუწევდა, KGB-სთან თავისი კავშირები ეხსენებინა.

თუმცა, Guardian-ის თანახმად, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მუშაობდა თუ არა პუტინი უშუალოდ შტაზისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com