“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450-მდე დამკვირვებლით დააკვირდა. აქედან ჩვენი 373 მოხალისე კენჭისყრის დღეს შერჩევის ზომის პროპორციული ალბათობის მეთოდით შერჩეულ უბნებზე დააკვირდა დედაქალაქში. ამ 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) შედეგების ვებგვერდზე შეტანილ ინფორმაციას, საიდანაც საერთო სტატისტიკა დგება, შევადარეთ და რამდენიმე უზუსტობა აღმოვაჩინეთ.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები:

 

სამგორის #12 უბანი: ოქმის მიხედვით 111 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ ვებგვერდზე დაფიქსირებულია 11 ხმა; 

 

სამგორის #20 უბანი: ვებგვერდის მიხედვით, კანდიდატს 18 ხმა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ ოქმზე თანდართული შესწორების თანახმად, მას 118 ხმა უნდა ჰქონდეს;

 

საბურთალოს #78 უბანი: სავარაუდოდ, ნიკა მელიამ 131 ხმა მიიღო ამ უბანზე, თუმცა ოქმში რიცხვის პირველი ციფრი გადახაზულია და ცესკოს ვებგვერდზეც 31 ხმა არის დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ სუბიექტების მიღებული ხმებისა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთოდ რაოდენობის დასაბალანსებლად სწორედ ეს 100 ხმა არის საჭირო”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

 



 
 
 
ორგანიზაციის განცხადებით, შეცდომა აღმოჩენილია სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც:
 
“ნაძალადევის #34 უბანზე კანდიდატ ირმა ინაშვილს 0 ხმა უწერია, როდესაც შესწორების ოქმის მიხედვით, მას 25 ხმა უნდა მიეღო. აღსანიშნავია, ისნის მე-7 საარჩევნო უბნის შემთხვევა, სადაც ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულ შემაჯამებელ ოქმსა და ჩვენი დამკვირვებლისთვის ხმის დათვლის შემდეგ გადაცემულ ოქმს შორის აღმოჩნდა განსხვავებები. კერძოდ, ირმა ინაშვილს 50 ხმით ნაკლები ხმა აქვს მიღებული, რომელიც მომატებული აქვს კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმს აშკარად ეტყობა მექანიკური ზემოქმედების ნიშნები.
 
 
ვფიქრობთ, ცესკომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს ჩვენ მიერ აღნიშნული შემთხვევები, დაადგინოს შეცდომის მიზეზები და ასახოს ისინი საერთო სტატისტიკაზე”.


ცესკოს თავმჯდომარემ ეს ფაქტები მექანიკური შეცდომით ახსნა:


“კარგია, რომ დამკვირვებლები ასე გულისყურით ადევნებენ თვალს, თუმცა ეს არის წინასწარი შედეგები და სწორედ იმიტომ ჰქვია წინასწარი შედეგები, რომ ჩვენ იმ მონაცემებს, რაც ოპერატირებს შეაქვთ, შემდეგ სათითაოდ ვამოწმებთ. ამდენად, ის სამი შემთხვევა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, მართლაც მექანიკური შეცდომა იყო. ორ შემთხვევაში: ერთიანები აკლდა, რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემში ეს ყველაფერი გასწორდება. ასეთ მექანიკურ შეცდომებს ვასწორებთ ახლა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *