სომხეთში რუსი ჯარისკაცი გიუმრელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

2018 წლის 11 დეკემბერს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსულ გამოცემა “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ სომხეთის სამართალდამცავებმა ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცი.

ჯერჯერობით უცნობია დამატებითი დეტალები და დაკავებულის ვინაობა.

გიუმრელი 57 წლის ჯულიეტა გაზარიანი 2 დეკემბერს მოკლეს.

გაზარიანი სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოში გადაყვანისას მოკვდა.

გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

მეორე დღეს სომხეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა დამნაშავე ყოფილიყო ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის ბაზაზე მსახურობდა, თუმცა რუსეთის საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.


რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, დედაქალაქ ერევნიდან 126 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ამჟამად აქ დაახლოებით 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა  7-სულიანი ოჯახი ამოხოცა, მათ შორის 6 თვის ბავშვი. ინციდენტმა გამოიწვია პროტესტი რუსეთის მიმართ, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. თავდაპირველად მოსკოვი მოითხოვდა, თავად გაესამართლებინა ბრალდებული, სომხეთი კი მის საკუთარი კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვდა.

2016 წლის აგვისტოში ბრალდებულს სომხურმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა საბოლოოდ მაინც რუსეთში გადაიყვანეს სასჯელის მოსახდელად.

ამ საქმეს მასობრივი საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაუვლია – ერევნისა და გიუმრის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება იყო გიუმრიში, სადაც 15 იანვარს დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი გამოვიდა და საოლქო პროკურატურის შენობის ბლოკირება მოახდინა, შემდეგ კი შეეცადნენ ამ ქალაქში მდებარე რუსეთის საკონსულოს შენობაში გადასვლას.

გიუმრის ხოცვა-ჟლეტის შესახებ შეგიძლიათ ნეტგაზეთის არქივიდან გაიგოთ მეტი:

გიუმრის ტრაგედია და საფრთხე რუსული სამხედრო ბაზიდან სომხეთში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com