ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დაუდასტურეს:
“გუშინ, გვიან ღამე საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა 25-ე და 57-ე უბნების შედეგები”, – განაცხადა იაკობ ასანიძემ.
კითხვაზე, რა იყო ამის საფუძველი, მან უპასუხა, რომ ეს იყო ინტერნეტით გავრცელებული კადრები და სხვა არაფერი. მისივე თქმით, 25-ე და 57-ე უბნებიდან არჩევნების დღეს უშუალოდ აღნიშული დარღვევების შესახებ საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა.

დღესვე მარნეულის საოლქო კომისიამ განიხილა რამდენიმე საჩივარი სხვადასხვა უბანზე პროცედურული დარღვევების შესახებ, რომელსაც ცესკოს წარმომადგენელი გიორგი შარაბიძე და ნაცმოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ესწრებოდნენ. საოლქო კომისიის თავმჯდომარე სხდომას არ დაესწრო. მისი თქმით, 4 დღის განმავლობაში არ უძინია და თავს შეუძლოდ გრძნობს. სხდომის მიმდინარეობის დროს ის საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა.
დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 25-ე და 57-ე უბნების შედეგების გაუქმების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა იაკობ ასანიძემ ნეტგაზეთთან საუბარში ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.
16 ივნისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა მარნეულის საარჩევნო უბნებზე გდაღებული ვიდეომასალა, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტია ასახული.
