“ცენტრს აქვს ეგრეთ წოდებული კერძო შემოსავლები ( აქვს კომერციული საქმიანობის უფლება და ეწევა ამ საქმიანობს) და მხოლოდ ამ საქმიანობიდან შემოსული თანხიდან გაიცემა პრემიები თანამშრომლებზე. ეს თანხა ცენტრის დირექტორზე გაიცა 12 თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ აღვნიშვნავთ, რომ მხოლოდ კერძო შემოსავლებიდან ხდება ცენტრის პროექტებში ჩართული ყველა თანამშრომლის პრემირება”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 2013 წელს პრემიის სახით, საერთო ჯამში, 37 350 ლარი მიიღო, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 14 280 ლარი. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ დღეს, 17 ივნისს გავრცელებულ ცნობაში, რომელიც ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა.
მიმინოშვილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 4500 ლარს. IDFI-ის ცნობით, ზემოხსენებულ ცენტრში 2013 წელს თანამშრომლებზე დარიცხულმა პრემიების საერთო რაოდენობამ 2 151 687 ლარი შეადგინა. “ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პრემიები გაცემულ იქნა საკუთარი შემოსავლებიდან”, – აცხადებენ IDFI-ში.

