ახალი ამბები

მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტის 74% ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაიხარჯა

11 დეკემბერი, 2018 • 1216
მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტის 74% ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაიხარჯა

2015 წელს თბილისის მერიის მიერ შექმნილი „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 17 თვეში გაუქმდა, ხოლო ა(ა)იპ-თვის გამოყოფილი ბიუჯეტის 74% ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა” (ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი)  არსებობის მანძილზე მხოლოდ ორი ღონისძიება ჩაატარა.  ა(ა)იპ-ის დაფუძნების მიზანს თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, რაზეც აუდიტის ცნობით, ბიუჯეტის  მხოლოდ 26% დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 590 300  ლარი გამოიყო, საიდანაც 1 181 900 ლარი ადმინისტრაციულ ხარჯებზე წავიდა.

“ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებიდან 17 თვეში ლიკვიდაცია მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)იპ-ის შექმნისას არ იყო შემუშავებული, გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა,” – წერია აუდიტის ანგარიშში.

ლიკვიდაციის განკარგულებას 2016 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი. თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ 17 თვის მანძილზე ცენტრმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა და ბევრ მეწარმეს გაუხსნა გზა.

“მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ცოტა ხანს ფუნქციონირებდა, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ეს ორი ღონისძიება, რაზეც აუდიტი საუბრობს, ტრენინგები იყო, მაგრამ ძალიან ბევრ მეწარმეს გაუხსნა გზა და დაეხმარა. აუდიტის სამსახური არ იგონებს… შეიძლება მათ არ ჰქონდათ გაუქმების მიზეზის შესახებ ინფორმაცია,”-აცხადებს დავით ნარმანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი