უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტი 4, 960 მილიონი ლარია. ეს მილიონები იხარჯება 21 დეპუტატის ხელფასებზე, ტელეფონებზე, რესტორნებში ვახშამზე, საწვავზე, ავტომანქანებზე, რითაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ბაზარშიც კი დადიან. ასევე 80 ადამიანზე, ანუ ძირითადად პარტიულ აქტივზე, რომლებიც დეპუტატებს ემსახურებიან.
2014 წლის მაისამდე დეპუტატებმა მხოლოდ მივლინებაში 113 540 ლარი დახარჯეს. აქედან 18 500 ლარის ხარჯვის დოკუმენტები, როგორც ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე თავის ფილმში – “უმაღლესი კომფორტით” – დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს, უმაღლესმა საბჭომ შესაბამის ორგანოს ვერ წარუდგინა… ყველაზე ხშირად დეპუტატები მივლინებით საფრანგეთში დადიან.
მაშინ, როცა 60 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ბიუჯეტის ხარჯზე ერთ ვახშამში, მაგალითად, 3172 ლარს ხარჯავენ: მათ ამ ოდენობის თანხით საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლეს (სუფრა – 60 კაცზე). რაც შეეხება გერმანელი სტუმრების საპატივცემულოდ გამართულ ვახშამს – რესტორანში 3 სტუმარს 12 მასპინძელი ახლდა – დეპუტატები, მათი მძღოლები და დაცვა.
არის თუ არა უმაღლესის საბჭო უფუნქციო და უუნარო? – არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძე ამბობს, რომ არის:
“ამას განაპირობებს შემდეგი გარემოება. 1. უმაღლეს საბჭოს აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა და მონიტორინგის ფუნქცია, რასაც არსებული პრაქტიკით არ აკეთებს სწორად და ეფექტურად. გვესმის, რომ არის გარკვეული დაპირისპირება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არ ეხება ბიუჯეტის მონიტორინგს ან პროგრამების შეუსრულებლობას. კულუარული კონფლიქტი კლანურ და მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება. 2. აღმასრულებელი ხელისუფლება არჩევნებიდან პირველივე კვირას ახერხებს იმას, რომ წარმომადგენლობით ორგანოზე მოიპოვოს გავლენა: ყველა მოწვევის უმაღლესი საბჭო იძახის, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, მაგრამ აბა ვნახოთ რამდენი საკანონმდებლო ინიციატივა აქვთ გაგზავნილი უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაფართოებაზე?! – ძალიან ცოტა”.
გენო გელაძე ბოლო ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში მოხვედრის მსურველებს, შემდეგში დეპუტატებს, პირადად იცნობს. ის ამბობს, რომ ყველა მათგანი გადეპუტატებამდე აკრიტიკებდა უმაღლესი საბჭოს უუნარობას, “მაგრამ როცა მათ ირჩევენ, შემდგომ ამას ეღარ ხედავენ. ვერ ხედავენ იმიტომ, რომ იქ არის სასათბურე პირობები, დეპუტატები კი ცდილობენ თბილი გარემო დიდხანს შეინარჩუნონ. მათი აქტივობა ისევ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას თუ ემსახურება, მაგალითად, თითქოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია შექმნეს, რომელიც, ჩემი აზრით, იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ უფლებები დაეცვა, მოტივი იყო ის, რომ შექმნეს თანამდებობა, სტატუსი, დაფინანსების საშუალება, ავტომობილი”.
გენო გელაძე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს დღევანდელი ფუნქციებით არსებობას აზრი არ აქვს და ის მის გაუქმებას მხარს დაუჭერდა.
რატომ ახასიათებს ქრონიკული მორჩილება უმაღლეს საბჭოს? – გენო გელაძის აზრით, იმიტომ რომ “ასარჩევთა სიაში ძირითადად წერენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ანგარიშვალდებულება მოსახლეობასთან კი არა იმასთან აქვთ, ვინც სიაში ჩაწერა. ეს ხელისუფლებაც აგრძელებს იმ კულტურას, რომ უმაღლესი საბჭო იყოს უფუნქციო. დააკვირდით უმაღლესი საბჭოს აქტივობებს – ყოველთვის მაშინ ექცევიან ყურადღების ცენტრში, როცა ორგანოს რეპუტაციას აკნინებენ. მე არ ვყოფილვარ ამ სავარძელზე და არ ვიცი ეს რა ძალაუფლებაა, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობას შეუძლია ადამიანები გამოცვალოს რადიკალურად”.
გენო გელაძის აზრით, უმაღლესი საბჭოს არჩევნები მინიმუმ სხვა არჩევნებს არ უნდა ემთხვეოდეს.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის “ინტელექტის” ხელმძღვანელი, ლევან გობაძე უმაღლესი საბჭოს როლზე ჯაბა ანანიძის ფილმის ჭრილში საუბრობს: “აჭარის უმაღლეს საბჭოზე მომზადებულმა ფილმმა „უმაღლესი კომფორტით“ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ეს რეზონანსი კიდევ დიდხანს არ მინელდება. უფუნქციო და საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული უმაღლესი საბჭო, მისი არჩევიდან მოკლე პერიოდში გახდა საყოველთაო კრიტიკის საგანი და დიდი ალბათობით, ასე გაგრძელდება მომავალ არჩევნებამდე”.
ლევან გობაძის აზრით, “აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობას არ გააჩნია მინიმალური კომპეტენციაც კი იმისათვის, რომ განახორციელონ აჭარის კონსტიტუციით მათზე დაკისრებული ფუნქციები – ჩამოაყალიბოს ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის”.
ლევან გობაძე დეპუტატ მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე საზოგადოებისთვის ცნობილი თავდასხმის ფაქტს ყურადღების გადატანით ხსნის: “ქალბატონ ვასაძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმა არ იყო შემთხვევითი. მის მიერ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარები არის კრებსითი აზრი უმაღლესი საბჭოს ისტებლიშმენტისა, რომლებმაც შეფარულად ან სულაც პირდაპირ დაავალეს მედეა ვასაძეს გასწორებოდა „საზიზღარ“ ჟურნალისტს, რომელმაც მათი კრიტიკა გაბედა. რა იყო მათი მიზანი? რა თქმა უნდა, მათი მიზანი იყო „დიადი და ნათელი“ – საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ პიროვნულ კონფლიქტზე, უმაღლესი საბჭოს ისტებლიშმენტისათვის აერიდებინათ კრიტიკა, მიეჩქმალათ საზოგადოების უარყოფითი განწყობა”.
ლევან გობაძის აზრით, მთელი ამ სკანდალით მედეა ვასაძემ ვერა, მაგრამ მასზე ცოტა ჭკვიანმა და ეშმაკმა პოლიტიკოსმა იხეირა:
“მედეა ვასაძეს თავისი მუქარები დასრულებულიც არ ჰქონდა, როცა მათ დაიწყეს მარცხნივ და მარჯვნივ ინტერვიუების დარიგება, რომლებშიც ითხოვდნენ მედეა ვასაძისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას”.
რა მოხდება? – ლევან გობაძის აზრით, “ჯოხს ქალბატონ მედეას გადაატეხენ და ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს დაემშვიდობება. ახალი მინიავთო დაიკავებს მის ადგილს და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება – უსაქმურობა, ახალი მანქანები, მაღალი ხელფასები, მივლინებები საზღვარგარეთ, პერსონალური აიპები შვილებისათვის და ეს ყველაფერი ბიუჯეტის, ანუ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადების ხარჯზე. იმ გადასახადებისა, რომელიც, წესით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნას უნდა მოხმარდეს და არა ვიწრო კლანების ინტერესებს”.
კონფლიქტური დეპუტატები უმაღლესი საბჭოდან
დღემდე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ჟურნალისტებმა სასამართლოში რამდენჯერმე უჩივლეს. მათ რიცხვს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძეც შეუერთდება – დეპუტატ მედეა ვასაძეს ჯერ პროკურატურაში უჩივლებს, შემდეგ – სასამართლოში. 9 ივნისს 25-ე არხის ეთერში ფილმის – “უმაღლესი კომფორტით” გასვლის შემდეგ დეპუტატი დაუკავშირდა ჯაბა ანანიძეს და პროკურატურით დაემუქრა… ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, კიდევ ერთ დეპუტატს – გია მასალკინსაც უჩივლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის (ამ უკანასკნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჯაბა ანანიძეს ფილმი უმაღლესი საბჭოს შესახებ სპეციალურად გააშვებინეს არჩევნების წინ).
იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მედეა ვასაძის მიმართ? – საიას იურისტი სულხან სალაძე ამბობს:
“ცხადია, ერთგვარი შანტაჟის ელემენტებს შეიცავს. პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ არის დეპუტატის განსახილველი თემა. როცა ჟურნალისტი ვარ, საგამოძიებო სტატიას ვაკეთებ და დეპუტატი ასე მელაპარაკება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ უნდა გააკეთო. დეპუტატის სატელეფონო საუბარი ჟურნალისტთან იყო საფუძველი პროკურატურას დაეწყო გამოძიება – კონკრეტული პირები დაეკითხა თუნდაც მოწმის სახით. პროკურატურა, როცა მას აწყობს, იმაზე მეტსაც კი ამბობს, ვიდრე გამოძიებით შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევებში დუმს”.
პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე. აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი, ისე როგორც ამ უწყების პრესსამსახურის თანამშრომლები, არც მობილურს პასუხობენ და არც სამსახურებრივ ტელეფონს. რატომ იმტვერება პროკურატურის თაროებზე ჟურნალისტებზე ზეწოლის საქმეები? – სულხან სალაძის თქმით, ეტყობა ეს ტენდენციაა, რომელიც წინა ხელისუფლების მსგავსად აწყობს ამ ხელისუფლებასაც:
“ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე ყოფილი ან ახლანდელი პრემიერის რეაქციების გაგრძელებაა ის, რაც ბათუმში მოხდა. თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ეტყვის ჟურნალისტს, მაგალითად, “თქვენ შემჩნეული ხართ” და ასე შემდეგ, დაბალ დონეზე აუცილებლად მიიღებენ ამას ნორმად, ანუ ეს აუცილებლად იქნება საფრთხის შემცველი”.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჯაბა ანანიძეზე ზეწოლის ფაქტს პროკურატურა თავისი ნებით გამოიძიებს: “მაგრამ ჩვენ არ უნდა დავაკლოთ ძალა და ენერგია იმას, რომ ეს საქმე და არამარტო ეს საქმე, გამოიძიონ. მათ უნდა გამოიძიონ ყველა საქმე, რომლებიც წლების განმავლობაში დევს პროკურატურის თაროებზე”.
ზვიად ქორიძის აზრით, დეპუტატ მედეა ვასაძის მიერ მხოლოდ ბოდიშის მოხდა არ იქნება ადეკვატური ქმედება: “ყველაფერი დადის იქამდე, ქალბატონი ვასაძე მოიხდის თუ არა ბოდიშს. ბოდიშის მოხდა არ არის პოლიტიკური აქტი, ბოდიშის მოხდა ეს არის ნებელობითი აქტი. ბოდიშზე არ გადის ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული კანონით და პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც იღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს გარემო იყოს დაცული, მათ შორის პერსონალური საკითხების ჩათვლით. მე არ მომისმენია ამ საკითხზე მათი გადაწყვეტილება და მართალი გითხრათ, ველოდები…”
