ახალი ამბები

პროტესტის შემდეგ მაკრონი შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდის პირობას დებს

11 დეკემბერი, 2018 • 1238
პროტესტის შემდეგ მაკრონი შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდის პირობას დებს

რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ ახალ დაპირებებში შედის შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა და საშემოსავლო გადასახადების შემცირება.

The Guardian მაკრონის სატელევიზიო გამოსვლაზე დაყდნობით წერს, რომ თავის განცხადებაში მაკრონი ე.წ. ყვითელჟილეტიანების პროტესტს “ღრმას და ბევრი თვალსაზრისით ლეგიტიმურს” უწოდებს. თავის გამოსვლაში მაკრონი აღიარებს, რომ მისი არჩევის შემდეგ რიგი პრობლემები დროულად ვერ გადაჭრა.

ემანუელ მაკრონი, რომელიც პრეზიდენტად 18 თვის წინ აირჩიეს, თავის გამოსვლაში განმარტავს, რომ დასაქმებულთა დასახმარებლად მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა. კონკრეტული ნაბიჯები სხვა ზომებთან ერთად გულისხმობს მინიმალური ანაზღაურების 100 ევროთი გაზრდასა და ზეგანაკვეთური შრომის გადასახადებისგან გათავისუფლებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პენსიონერების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ის მოქალაქეები, რომელთა პენსიაც 2000 ევროზე ნაკლებია, საგადასახადო ტარიფებისგან გათავისუფლდებიან.

“შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, რომ ეს არ მადარდებს და სხვა პრიორიტეტები მაქვს. ამისთვის მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებ. ვიცი, რომ ჩემი სიტყვებით ზოგიერთ თქვენგანს გული ვატკინე,” – განაცხადა მან, თუმცა ასევე დასძინა, რომ მიუხედავად მოქალაქეების ბრაზისა, ეს არ ამართლებს პოლიციაზე ძალადობასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზიანებას.

მაკრონის ეს გამოსვლა პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლებამ “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის ფონზე უკან დაიხია. მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა დიზელის საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.

“ყვითელჟილეტიანების” აქციები რამდენიმე კვირის წინ სწორედ ზემოხსენებული დიზელის საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია, თუმცა შემდგომ პროტესტი შეეხო სხვადასხვა სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს.

უფრო ვრცლად საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი