პარტიის ლიდერების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა. პარტია ხელისუფლებას მარნეულში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
“ამ კადრებში ნახავთ, რა ხდებოდა მარნეულის N57 საარჩევნო უბანზე. “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელი – ანა გურგენიძე უბნიდან საჭმელად გავიდა და ვიდეოკამერა ჩართული დატოვა”, – წერს ფეისბუკზე დეპუტატი გოგა ხაჩიძე:
გიგი უგულავას განცხადებით კი, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი მარნეულის კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე (#25) დააფიქსირა მათმა კამერამ. უგულავას თქმით, პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის, 1965 წელს დაბადებული ნაზიმ ალიევია.
ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე მარნეულის #25 უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. რაც შეეხება #57 უბანს, მისი შემაჯამაბეელი ოქმის მიხედვით, სულ უბანზე 800 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 558-მა ხმა მისცა. 12:00 საათისთვის უბანზე მხოლოდ 200 ამომრჩეველი იყო მისული, 17:00 საათისთვის კი – 380, გამოდის, რომ დარჩენილი 178 ამომრჩეველი უბანზე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში მივიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცედურების გავლას, რომელიც ბიულეტენების შევსების გარდა, საბუთების შემოწმებასა და მარკირების პროცედურებსაც ითვალისიწნებს, დაახლოებით 1 წუთსა და რამდენიმე წამში ასწრებდა. ამ უბანზე “ქართულმა ოცნებამ” 253 ხმა მიიღო, ნაცმოძრაობამ – 127, ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ კი – 105. 109 ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული.
უბნის შემაჯამებელ ოქმში სხვა შეუსაბამობებიცაა – შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 558 ამომრჩეველმა მისცა ხმა, თუმცა თუ ყველა პარტიისთვის მიცემული ხმების რაოდენობას ბათილი ბიულეტენების რაოდენობასაც დავუმატებთ [109] გამოდის, რომ არჩევნებში 641-მა ამომრცეველმა მისცა ხმა და არა 558-მმა.